გვარამიას პოსტი ადასტურებს, რომ მათი გეგმაა ხელისუფლების დამხობა და არა არჩევნები და დემოკრატიული გზით სვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძემ კომენტარი გააკეთა „კოალიცია ცვლილებისთვის„ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ფეისბუქსტატუსზე, სადაც გვარამია წერს: „ან ჩვენ დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, რაზეც ემიგრაციაში ცრემლებს ვაღვარღვარებთ“.

„რაც შეეხება მის დასამხობ ხელისუფლებას, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ჩვენი სამშობლო დიდი ხანია, რუსეთს გამოვტაცეთ. ამისთვის ობრძოდა ხალხი 9 აპრილს და შემდეგ წლებში. არ ვიცი, გვარამია რატომ ფიქრობს, რომ ემიგრაციაში უნდა წავიდეს და თან ცრემლები აღვარღვაროს. თუ ცრემლების ღვარღვარი უნდა, აქაც შეუძლია, იტიროს. მისგან ეს გასაკვირი სრულებითაც არ იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის დადასტურება, რომ მათ ჰქონდათ და ახლაც აქვთ გეგმა ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ამ გზით შეცვლის. როგორც ჩანს, თავადაც დარწმუნდენ, ეს გეგმა რომ არ მუშაობს. ამ გეგმის შესრულებას რომ აღსრულება არ უწერია, ალბათ ხვდებიან და ამიტომაც ცდილობენ, რაიმე ფორმით კიდევ მეტად დაძაბონ ვითარება ქვეყანაში. როგორც ჩანს, თავად დარწმუნდნენ, რომ ამის რესურსი უკვე აღარ აქვთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.