"ჩვენ განა არ ვიცოდით რომ ამ პროცესის ოფიციალურ წამოწყებას მოჰყვებოდა მწვავე რეაქცია არა მარტო ქვეყნის შიგნით არამედ ქვეყნის გარეთ. ამაზე ვიღებდით არაერთგზის განცხადებას საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, რომელთა მიმართულებითაც ჩვენი დეკლარირებული სვლა არის. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი სამართლებრივი კუთხით ალბათ, კითხვას არ უნდა იწვევდეს. თავისი სამართლებრივი შინაარსით ის არის უმტკივნეულო. არაერთხელ ითქვა რომ ის არასამთავრობო სექტორს ზიანს არ მიაყენებდა. ანუ, ასახსნელი იყო კონტექსტი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. სამუშაო იყო ორივე მიმართულებით." - - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ანალიტიკური ცენტრის ,,ჯეოქეისი“ -ს თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა რადიო იმედის გადაცემაში, "დღის არხი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.
"მინდა კითხვა დავსვა, არაერთხელ ითქვა, რომ თავისი სამართლებრივი შინაარსით ის არის უმტკივნეულო და ზიანს არ უკავშირდება, მაშინ რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება? თუ ამ კანონპროექტით საგნობრივი შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტით ამ ვნებათა ღელვის გამოწვევა?!
იმ ფონზე როდესაც ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივიღეთ, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია. აი მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, მაშინ ვეთანხმები გიორგი კახიანს, რომ ეს გაცილებით უკეთ ახსნას ექვემდებარებოდა.
თუ ჩვენ კანონპროექტს განვიხილავდით იმისთვის რომ განგვეხილა, რეალურად არასამთავრობო სექტორში საგნობრივ ცვლილებებს არ გამოიწვევდა გარდა მონიტორინგისა და დეკლარირების მოვალეობისა, მაშინ ალბათ, ამ კანონის ინიციატორებს უნდა ჩამოეწერათ, პროექტის ინიცირებით რა არის მინუსები და რა არის პლუსები.
ჩემი აზრით მინუსების სვეტი გაცილებით ჭარბი იქნებოდა, ვიდრე პლუსების.
ჩვენ დიდი ოსტატები გავხდით და დავხელოვნდით ერთ რაღაცაში, ჩვენ თვითონვე ვქმნით გაუგებარი მოტივებით პრობლემებს, მერე უზარმაზარ რესურსს ვხარჯავთ როგორც შიდა ისე გარეს, ამ პრობლემის მოგვარებაში.
ნუთუ არ შეიძლება ქართულმა პოლიტიკამ, უკვე ამდენი წელია საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, სიმწიფის მეტ დონეს მიაღწიოს და უკეთესი შეფასება, პრევენცია, რისკების თავიდან არიდება, ნუთუ არ შეიძლება დასახული მიზნებისკენ ვიაროთ უფრო ნაკლები ტკივილისა და ტანჯვის ხარჯზე? მგონი ამის დრო მოვიდა უკვე.
პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დასაქმების ადგილი, ისევე როგორც არ შეიძლება იყოს შემოსავლის წყარო, და თუ პოლიტიკაში მოდიხარ ადამიანი, ალბათ ქართველი ამომრჩეველი მათ შორის, ისევე მომავლის პოლიტიკური ლიდერები ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, საკმარისი შინაგანი ცენზურით უნდა იყვნენ აღჭურვილი, თუ შენ არ ხარ თვითკმარი ადამიანი, თუ შენ პოლიტიკაში მოსვლამდე არ გაქვს შენი მეობა, სოციალური და საზოგადოებრივ დამკვიდრებული, თუ შენ არ გაქვს გზა გავლილი, რაც შენ მორალურ უფლებას გაძლევს პირველ რიგში შენს თავს განუცხადო, რომ შენ ქვეყანაზე აიღო პასუხისმგებლობა და შენგან საზოგადოებამაც მიიღოს სწორად ეს გზავნილი, სხვაგვარად როცა შენ საზოგადოებრივად და სოციალურად იბადები, მას მერე სავარძლის საზურგეს გრძნობ და ასევე საზოგადოებრივად და სოციალურად კვდები, როდესაც თანამდებობას ტოვებ, ალბათ ასეთ პოლიტიკურ თაობაზე უნდა ვთქვათ უარი." - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.