სიახლის არქონა და ის ბრაზილიური ტელესერიალი, რასაც ჩვენ ვხედავთ ქართული ოპოზიციური პარტიების მაგალითზე, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ სათანადო ნდობის არქონას ან ნდობითი ჯაჭვის რღვევას საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ამას არ ჰქვია დაპირისპირება, ამას ჰქვია დაუსრულებელი იწილო-ბიწილო ოპოზიციურ პარტიებს შორის. 31 მარტის აქციის შედეგად საზოგადოებაში გაჩენილი უკმაყოფილება, მათ შორის, ამასაც უკავშირდებოდა. სიახლის არქონა და ის ბრაზილიური ტელესერიალი, რასაც ჩვენ ვხედავთ ქართული ოპოზიციური პარტიების მაგალითზე, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ სათანადო ნდობის არქონას ან ნდობითი ჯაჭვის რღვევას საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის.

თანამედროვე პირობებში, როდესაც ჰიბრიდული ომის ნაირსახეობა, მათ შორის, არის საშინაო პროპაგანდა, ეს ხომ არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური დატვირთვის ტერმინი, ასეთი შიდა ჰიბრიდული ომისთვის, რომელსაც “ქართული ოცნება” ხანდახან საკმაოდ წარმატებულად აწარმოებს როგორც საკუთარ ამომრჩეველზე, ასევე ზოგადად, ეს იწილო-ბიწილო მშვენივრად კვებავს ამ პროპაგანდას.

რეალური მამოძრავებელი ძალა შეიძლება იყოს რეალურად ახალი, განახლებული პოლიტიკური ძალა, გაერთიანება, სტრუქტურა, პლატფორმა - როგორც გინდათ, ისე დავარქვათ, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, რომ მარტო საპროტესტო მუხტი კი არ დაქოქოს, არამედ ქვეყნის განვითარების გზისადმი გააჩინოს იმედი და პერსპექტივა - ეს არის ჩვენთვის ამოცანა. ჩვენ ხომ მარტო არსებულის დემონტაჟზე არ ვსაუბრობთ, ჩვენთვის გაცილებით უფრო რთული გამოწვევა იქნება ამ დემონტაჟის ან თვითდემონტაჟის შემდეგ რა ხდება შემდეგ თავში, რომელიც უფრო რთულია, რადგან ის სახელმწიფოს ფეხზე დადგომას უკავშირდება და იმ რესურსით, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, მოსახლეობის დიდ ნაწილს სკეპტიციზმის თავისი დოზა აქვს”, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.