პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც 2004-2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე თავისი მამიდაშვილის დაკავება გაიხსენა.

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, მისი მამიდაშვილი ისეთ პირობებში ჰყავდათ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ფეხზე ვეღარ გაიარა.

„დღეს რომ ლამაზად ჰყვებიან ლამაზ ისტორიებს, თითქოს დემოკრატია იყო და ადამიანის უფლებების დაცვა, რომელ უფლებებზე ვსაუბრობთ, ჩემი 68 წლის მამაკაცი იმისთვის, დააკავეს, რომ ჩემი მამიდაშვილი იყო და სამი წელიწადი ციხეში ამყოფეს, თურმე  წინააღმდეგობა გაუწია დაკავების დროს. სახლში შევიდნენ ჩხრეკაზე, არ გააჩხრეკინა, ვიდრე მეზობლები არ მოვიდნენ. ესე იგი, წინააღმდეგობა გაუწევია, მიიყვანეს და სამი წელიწადი მიუსაჯეს. ეგ იყო მაშინდელი ხელისუფლება. მე რომ გავბედე და დავურეკე მერაბიშვილს, მივწერე, ჩემი მამიდაშვილი, ვალერი ავალიანი, 68 წლის კაცი გყავს დაპატიმრებული, რას შვრებით, გამოუშვით-მეთქი, შემდეგ დამირეკა ლორთქიფანიძემ, სამინისტროში მოდიო. მეგონა, ალბათ აპატიებენ-მეთქი. სამინისტროში მითხრა, რა მამიდაშვილზე საუბრობ, მადლობა თქვი, ცოცხალი რომ დადიხარო.

მამიდაშვილის დაპატიმრება გავასაჩივრეთ. აღმკვეთი შეუფარდეს და ჩვენ გირაო შევთავაზეთ. შეხვდა ქრისტიანი მოსამართლე, გვარი ნამდვილად არ მახსოვს. იმ მოსამართლემ გირაო შეუფარდა და გამოუშვა. მე, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა წავედით დასახვედრად გლდანის საპყრობილეში. ეს კაცი გამოვიდა საპყრობილედან და ტირის. არ იყო მტირალა კაცი, სერიოზული კაცი იყო. მოდი, ვალერი, მანქანაში ჩაჯექი-მეთქი და მითხრა, თქვენ არ იცით, აქ რა ხდებაო. ვკითხე, გცემდნენ-მეთქი? მე არა, მაგრამ არ იცით, ვერ წარმოიდგენთ, ახალგაზრდებს რას უკეთებენ. გვეგონა, პირობითს მიუსჯდიდნენ, ამას გააკეთებდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ჩაუნიშნეს პროცესი. რა თქმა უნდა, მე ისედაც გაქცეული ვიყავი. წავიდა, სამი წელიწადი მიუსაჯეს და კალენდარულად მოახდევინეს. ინვალიდი გამოვიყვანეთ. არ დაგავიწყდეთ, 68 წლის კაცი ისე სცემეს, რომ ათი თვე მათ საავადმყოფოში იწვა. ქალბატონი კალმახელიძე რომ იყო მინისტრი, ის შევიდა ქსანის საპყრობილეში და ვალერიმ უთხრა, აქეთ მოდით, ნახეთ, კარვებში როგორ სძინავთ პატიმრებსო, ტალახში სძინავთ პატიმრებსო. შემდეგ ისე მოაქციეს, რომ 11 თვე მათ საავადმყოფოში იწვა. რომ გამოვიდა, ფეხზე ვეღარ დადგა, შვიდი თუ რვა წელიწადი იცხოვრა და გარდაიცვალა. ასე დააინვალიდეს და ესენი საუბრობენ რაღაცაზე“, განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.