"როცა საჭირო ვიქნები, თქვენს გვერდით ვიქნები ყოველთვის", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შსს-ს თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუნდს ახალი მინისტრი, გელა გელაძე წარუდგინა.
ვახტანგ გომელაურმა ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა და უწყების გუნდს კი პირობა მისცა საჭიროების შემთხვევაში, ისევ დაბრუნდება.
"ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მთელ ჩვენს გუნდს. ყველას მოგეხსენებათ, 10 წელი ცოტა არ არის, ურთულესია, მითუმეტეს ბოლოს, რა მოვლენებიც განვითარდა. ბატონმა პრემიერმა ახსენა ბრძოლები რუსთაველზე, ასეთი ბრძოლები არ გვქონია რუსთაველზე 90-იანი წლების შემდეგ, რაც გვქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ ეს და შევინარჩუნეთ სუვერენიტეტი და სახელმწიფო. როცა საჭირო ვიქნები, თქვენს გვერდით ვიქნები ყოველთვის. მე მარტო ვერ გავაკეთებდი, თქვენთან ერთად გავაკეთე და მინდა ყველას მადლობა გითხრათ.
ასევე, მინდა გელა გელაძეს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. ჩვენთვის არ არის უცხო და ჩვენი ოჯახის წევრია ასე ვიტყოდი. წარმატებები, გამიხარდება ყოველთვის თქვენი წარმატება," - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.