საზოგადოებას მინდა, ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, შეიცვალა თავმჯდომარე, მომიწია, ჩამენაცვლებინა ლევან ხაბეიშვილი. საზოგადოებას ახსოვს მიზეზი, რომელიც გავაცანით. ამ პროცესში, მათ შორის, მეც მივიღე მონაწილეობა. ორი წლის თავზე ვთვლი, ხალხთან ვიყო გულწრფელი. მაშინ დასახელებული მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. გახსოვთ, ლევანი ფაქტობრივად აწამეს. არავისთვის გასაკვირი არ იქნებოდა, მას დასჭირდებოდა კონკრეტული დრო რეაბილიტაციისთვის, მკურნალობისთვის, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და მე ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი. ახლა თავად პრეზიდენტმა და ლევანმა ისაუბრეს იმ საჯარო პოსტებში, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოქვეყნეს, რომ რეალური მიზეზი უკავშირდებოდა იმას, რომ მაშინ ოპოზიციური გაერთიანების მცდელობა იყო და თითქოს რიგი პოლიტიკური აქტორებისთვის ლევანი იქნებოდა მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი, რამაც განაპირობა ეს ჩავაცვლება. პოლიტიკაში თუკი რამის მიმართ მაქვს მიუღებლობა, ეს არის არა მწვავე პოლემიკა, არამედ არაგულწრფელობა. მაშინ არ ვიყავი და ვერ ვიყავი გულწრფელი იმ დიდი მიზნების გამო, რაც გვეგონა, რომ გვამოძრავებდა. საზოგადოებას მინდა, ბოდიში მოვუხადო, რომ ვერ ვიყავით გულწრფელი, რადგან ვფიქრობ, გულწრფელობა მოგვცემდა შესაძლებლობას, ჯანსაღად გვემართა პროცესები. მეტიც, მაშინ რომ გვეთქვა რეალური მიზეზი, მე აუცილებლად, პრინციპულ საკითხად დავაყენებდი, რომ პარტიაში ჩატარებულიყო პირდაპირი წესით არჩევნები. მე არ მქონდა იმ ხარისხის ლეგიტიმაციის მანდატი ხალხის მხრიდან, რომ, თუნდაც, იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, წინააღმდეგობაში წავსულიყავი დამფუძნებელ თავმჯდომარესთან, ამ პარტიის შიგნით მყოფ ჯგუფებთან, ან სხვა ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა მომენტში არ იზიარებდნენ პარტიის შიგნით განსახორციელებელი რეფორმების საკითხს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.










