აბსოლუტურად არასტაბილურად, ქაოსურად შეიძლება წავიდეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ „ქართული ოცნება“ ოქტომბერში ხელისუფლებიდან არ გავუშვით და ერთადერთი, ვისაც ამ ქაოსის მართვის გასაღები ექნება, ეს არის კრემლი, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ევროპული საბჭოს სხდომაზე 26 ივნისს სამი საკითხი განიხილება, პირველი - საქართველოს პროგრესის გაყინვა ევროკავშირისკენ; მეორე - ევროკავშირის დაფინანსების შეჩერება საქართველოსთვის, ბიუჯეტში რაც მოდის და მესამე - უვიზო რეჟიმის შეჩერება დროებითი მექანიზმით, რაც არის მძიმე გადაწყვეტილება, თუმცა რასაც არ სჭირდება ყველა წევრი და სჭირდება 15 წევრი. შესაბამისად, სამივე საკითხი არის კატასტროფა საქართველოსთვის. რომ ყოყლოჩინობენ და სელფების გადაღებამდე დაჰყავთ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ უვიზო რეჟიმით უამრავი საქართველოს მოქალაქე ამ ხნის განმავლობაში სარგებლობდა და ეს არის უდიდესი საფრთხე. მაინც იმედი მაქვს, რომ ოქტომბრამდე ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას, ხალხის საწინააღმდეგოდ არ შემოიღებს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება" ცდილობს ამოეფაროს ქვეყანას და თქვას, რომ ის არის ქვეყანა, ის არის ხალხი. ეს ასე არ არის და ამიტომ ხალხმა უნდა გასცეს პასუხი ოქტომბერში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ამდენი თავსატეხი და ამდენი არასტაბილურობა მოიტანა ქვეყანაში, იმიტომ რომ მთავარი, რასაც აქამდე „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო საქართველო, ამ დროს აბსოლუტურად არასტაბილურად, ქაოსურად შეიძლება წავიდეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ „ქართული ოცნება“ ოქტომბერში ხელისუფლებიდან არ გავუშვით, იმიტომ რომ ერთადერთი ვისაც ამ ქაოსის მართვის გასაღები ექნება, ეს არის კრემლი და კრემლის მიერ ქაოსის მართვის გასაღები მე პირადად 90-იანებში კარგად მახსოვს და ნამდვილად არ მინდა, ის დრო ნახონ ჩვენმა შვილებმა",- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.