ოპოზიციაში არაფერი ახალი არ ხდება. ბრძოლა გაჩაღებულია იმაზე, ვინ დაეპატრონება იმ მცირე თანხებს, რომელიც ფარულად და უკანონოდ შემოდის საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთმანეთის ჩასაძირად ყველაფერზე წავა.

„USAD-დან და მსგავს ფონდებიდან ვინაიდან ასე უკონტროლოდ ეს თანხები ვერ შემოდის და რაც ფონდებია, იქიდანაც ასე პირდაპირ ვერ შემოდის, ასევე მწირია ეს დაფინანსება, სწორედ ამიტომ, ერთმანეთში აქვთ ბრძოლა გაჩაღებული, რომ თავის პატრონს უთხრან- „იმას ნუ მისცემ, ეს არის კომპრომეტირებული კაცი, არაფრის გამკეთებელი კაცი, ამისგან არაფერს არ უნდა ელოდო და მე ვარ მთავარი ოპოზიცია და ეგ ფული მე მომეცი”- ამისთვისაა ბრძოლა. ამის გულისთვის ისინი ერთმანეთს ყელსაც გამოღადრავენ, კომპრომატებსაც დაუდებენ. ჩვენზე უფრო მეტად ეზიზღებათ ის, ვინც ამ ფულში მათი კონკურენტია. ჩვენ ხანდახან გვკრავენ კბილს, თორემ მთავარ კონკურენტად ერთმანეთი ჰყავთ, რადგან იციან რომ მე მაგ ფულში არ ჩავეზიარები. ოპოზიცია ერთმანეთის ჩასაძირად ყველაფერზე წავა, ზოგს სიმართლეს იტყვიან და როგორც ჩანს, ბევრი რამე სიმართლეა ამ ფულის ტრიალში და ასე შემდეგ, ოღონდ ძირიანად მოთხარონ. ზოგ რამეს დააბრალებენ კიდევაც, ერთი რამის გამო რომ დაიმკვიდრონ ადგილი, როგორც მთავარმა ოპოზიციონერებმა. ეს ქართველი ხალხისთვის კი არ სჭირდებათ, ისინი ქართველ ხალხთან არც მუშაობენ, ეს ყველაფერი პატრონებისთვის ხდება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.