საქართველოს სუვერენიტეტის დათმობას და სახელმწიფოებრიობის განადგურებას სთხოვენ. მოთხოვნები, რასაც აყენებენ, არ შეიძლება, ევროკავშირში ინტეგრაციის წინაპირობა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამოგონილ, შანტაჟის საკითხებს ვერ წამოეგება.

„განა იმიტომ, რომ ჩვენი თავმოყვარეობა შეილახება, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები შეილახება და მისი არსებობა, როგორც სუვერენული სახელმწიფოსი, კითხვის ქვეშ დადგება. ჩვენი პასუხი სამართლებრივი და დასაბუთებული იქნება. დავასაბუთებთ, რომ მათ მიერ დაყენებული საკითხები ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან კავშირში არ არის. ვთხოვთ, რომ ქართულ სახელმწიფოსთან შანტაჟით საუბარს თავი დაანებონ. ამ „ჯოკერს“ ვერ გამოიყენებენ და სახელმწიფოს ამ საკითხით ვერ შეარყევენ. ამ „ჯოკერსაც“ თუ გაისვრიან, დარწმუნდებიან, რომ ფუჭი იყო ყველა ის ძალისხმევა, რაც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს. იმედი მაქვს, დასხდებიან და მიხვდებიან, რომ საქართველოსთან უნდა აწარმოონ სამართალზე დაფუძნებული, კონსტრუქციული ურთიერთობა და არა შანტაჟზე დაფუძნებული“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.