წარსულში, მაშინდელ არსებულ ვითარებას ვებრძოდით და არაერთ ჩვენგანს და, მითუმეტეს, ჩვენს ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, საერთოდ არ სჭირდებოდა პროფესიულად პოლიტიკაში ჩართვა. მაგრამ მისი ხელმძღვანელობით ჩვენ ყველანი ჩავერთეთ მაშინდელ ვითარებასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებულ „ლელოს“ ლიდერის , მამუკა ხაზარაძის განცხადებებს.
„როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეს უნდა სწორედ ეს წარსული დააბრუნოს. ჯერ არ მოსულა ხელისუფლებაში და იმუქრება, რომ თუკი აირჩევენ, ის განაახლებს ჩვენს ქვეყანაში დაშინებას, დევნას და მეტიც, ადამიანების ქვეყნიდან გაძევებით იმუქრება. როდესაც მამუკა ხაზარაძე „ნაციონალებთან“ შეზრდილი იყო რა, როგორც ბანკირი, ხალხის რეკეტით იყო დაკავებული. ბიძინა ივანიშვილი ამ დროს ხელს უწყობდა ქვეყნის პროგრესს, რეფორმებს და შემდეგ გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ სწორედ ეს რეკეტის, დევნის, ძალადობის პოლიტიკა დაემარცხებინა. აი ასეთი ადამიანის საკუთარი სამშობლოდან გაშვებით იმუქრება. რა თქმა უნდა, ასეთ დაპირებებს ამომრჩევლისგან მხარდაჭერა არ უწერია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.