"ყველა იმ პირმა, ვინც უკვე არის ან წინასწარ პატიმრობაში, ან მისჯილი აქვს სასჯელი, როგორც დღეს მიესაჯა ბატონ ბადრის და ბატონ მამუკას, ყველამ, აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, მიიღო შეტყობინება სხვადასხვა მეთოდით," - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა იმ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებზეც კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, საქმეა აღძრული.
"როდესაც კომისია დაკომპლექტდა და მე მხვდა წილად პატივი, და ეს ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, რომ ამ კომისიისთვის მეხელმძღვანელა, აბსოლუტურად გულწრფელად ყველას ვუხსნიდით, რომ ჩვენ გვქონდა ვალდებულება, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის - მოქალაქე, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს თუ სხვა, თუ არ გამოცხადდებოდა, ვალდებულნი ვიქნებოდით, რომ ეს საქმე პროკურატურაში გადაგვეგზავნა. ეს იყო ის ელემენტარული რამ, რაც თავმჯდომარეს და კომისიას უნდა გაეკეთებინა და ჩვენ ეს გავაკეთეთ, რომ ყველას მოლოდინი და პროცედურა ყოფილიყო განჭვრეტადი მათი მხრიდან. ამიტომ, აბსოლუტურად ნათელი იყო ყველასთვის და პირველ რიგში, პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც სხვაზე მეტად უნდა იცნობდეს კანონს, რომ ჩვენ გვქონდა ვალდებულება, გადაგვეგზავნა და გადავაგზავნიდით, რაც გაკეთდა კიდეც.
ასევე, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ყველასთვის სათანადოდ შეგვეტყობინებინა. ყველა იმ პირმა, ვინც უკვე არის ან წინასწარ პატიმრობაში, ან მისჯილი აქვს სასჯელი, როგორც დღეს მიესაჯა ბატონ ბადრის და ბატონ მამუკას, ყველამ, აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, მიიღო შეტყობინება სხვადასხვა მეთოდით, რადგან ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ოქრუაშვილიდან დაწყებული, თითოეული მათგანი იმალებოდა, ყველა იმალებოდა და არ იღებდა შეტყობინებას (თითქმის ყველა). ყოველ შემთხვევაში, ბადრი ჯაფარიძე ოფისში დაიმალა და მამუკა ხაზარაძემ ვითომ ვერ წაიკითხა მიღებული შეტყობინება და ა.შ. ყველამ დაადასტურა, რომ ჩვენ მისვლას არ ვაპირებთ - ანუ მიიღეს წაიკითხეს და აბსოლუტურად გააზრებულად ჩაიდინეს დანაშაული", - განაცხადა თეა წულუკიანმა „რუსთავი2-ის“ ეთერში.