პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "ისტორია დეტალებში", პასუხობს კითხვას, შესაძლო თუ არა კომისიის დასკვნა გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი.
თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რაც შესაძლოა, მათი პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მიზეზი გახდეს.
"2008 წლის აგვისტოს ომს შენ, უმაღლესი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი, საკუთარი იმიჯის განმტკიცებისთვის ცდილობ გამოიყენო და არა იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა განარიდო საფრთხეს, არა იმისთვის, რომ ისეთი ნაბიჯი არ გადადგა, რუსეთმა კიდევ მეტი ტერიტორია დაიკავოს, მხოლოდ ცხინვალის რეგიონში 111 დამატებით დასახლებული პუნქტი დაიკავა რუსეთმა აგვისტოს ომის შედეგად, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაა.
შინდისის ერთ-ერთი გმირის ძმის, ფრიდონ ზოიძის მიერ იქნა ჩვენს წინაშე გაცხადებული, რომ რეალურად შინდისის გმირები ჯერ ცოცხლები და შემდეგ უკვე გმირულად დაღუპულები მიატოვეს. არა მხოლოდ ისინი, ჩვენ ვიცით, რომ, რომ არა ჩვენი პატრიარქი ილია მეორე, ჩვენ ცხედრებსაც ვერ დავიბრუნებდით. იმდენად დიდხანს იყვნენ მიტოვებული გარდაცვლილი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე, რომ როგორც ფრიდონ ზოიძემ აღნიშნა, მას გაუჭირდა საკუთარი ძმის ამოცნობა. ეს ზუსტად იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი წაგებულ ომს გამარჯვებად ასაღებდა და ზეიმობდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული.
შესაბამისი კანონი, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ აიკრძალოს რომელიმე პოლიტიკური პარტია, საუბრობს რამდენიმე რამეზე - ომის პროპაგანდა, რაც ჩვენ ვიხილეთ და ფაქტებით ათეულობით გვერდზე არის აღწერილი ამის შესახებ - 2022-2023 წლების ქრონოლოგია ჩვენს დასკვნაში, შეიძლება გახდეს საფუძველი პარტიის აკრძალვისა და ასევე ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, რითაც "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ მისი მმართველობის პერიოდში იყო დაკავებული. ჩვენ დავადგინეთ, რომ "ვარდების რევოლუცია" სახელმწიფო გადატრიალება იყო და არა რეალური რევოლუცია.
ასევე, 2008 წელს, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისე დაალაგა არჩევნების შედეგები, როგორც მას აწყობდა, ესეც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. და, უკვე 2012 წლიდან დღემდე, ჩვენს დასკვნაში ფაქტებით არის მოყვანილი მრავალი მცდელობა "ნაციონალური მოძრაობის," "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული სხვა პოლიტიკური ძალების და მათთან დაკავშირებული პირების, იქნება ეს გახარიას პარტია, "ლელო" თუ სხვა, რომლებიც ომის პროპაგანდაშიც იყვნენ ჩართული, არ ცნობენ არჩევნების შედეგებს და კონსტიტუციური წყობილების მორყევას ცდილობენ საქართველოში.
ეს სამი და კიდევ არის სხვა საფუძვლები, არის ის, რის გამოც შესაძლებელია სასამართლომ ჩათვალოს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური პირი და გაერთიანება აღარ უნდა იყოს საქართველოში პოლიტიკურ პროცესში ჩართული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.