ოპოზიციის წარმომადგენლების ორგანიზებით, თბილისში აქცია და მსვლელობა იმართება.

აქციის მონაწილეები რამდენიმე ადგილზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ორბელიანის მოედანზე და მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, დღევანდელი შეკრება ეძღვნება „ორწლიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ დაიწყო“.

აქციაში მონაწილეობენ ასევე არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მისი მხარდამჭერები ავლაბრის მეტროსთან არიან შეკრებილი. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, პარტია პროტესტში ბოლომდე იქნება ჩართული.

„ორი წლის წინ დაიწყო ივანიშვილის მცდელობის გადამწყვეტი ეტაპი, დაემყარებინა დიქტატურა ჩვენს ქვეყანაში. ქართველმა ხალხმა ამას წინააღმდეგობით უპასუხა და ეს წინააღმდეგობა დღემდე გრძელდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტო, ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები ვიხილეთ, თუმცა ქართველი ხალხი არ გატყდა. მიუხედავად ამდენი რეპრესიისა და რეპრესიული კანონისა, დღევანდელი დღე სწორედ ჩვენი წინააღმდეგობისა და გაუტეხელობის გამოხატულებაა. დარწმუნებული ვარ, თავისუფლების მოედანზე ბევრი ადამიანი შევიკრიბებით.​ მარშში მონაწილეობს არაერთი პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფი. როგორც ვიცი, ზოგიერთი მათგანი სიტყვით გამოსვლასაც გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს მარშში, რომელიც მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ დაიწყება. ამ პროტესტში ბოლომდე ვიქნებით ჩართული“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.