762 ახალი, გარემონტებული ბინა დევნილ ოჯახებს - ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება დევნილებს დღეს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აქცენტი სახელმწიფოს მიდგომებზე გააკეთა და თქვა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით პრიორიტეტები რადიკალურად შეიცვალა. გაორმაგდა ბინის მიმღებთა რაოდენობა, გაიზარდა ბიუჯეტი. სახელმწიფოს მთავარ მიზნად კი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება რჩება.
საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს. ამ ეტაპზე უკვე მზადაა - ოთხი. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. დაგეგმილია სტადიონების, სავარჯიშო მოედნებისა და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობაც.
თბილისში, მიმდინარე წელს სრულად გარემონტებული ბინა 1600-ზე მეტ ოჯახს უკვე გადაეცა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით პროექტის დასრულების შემდეგ დაიხურება დევნილთა დასახლების ყველა ობიექტი და თითოეული მათგანი სრულფასოვან გარემოში იცხოვრებს.
პროექტის ბიუჯეტი 243 მილიონ ლარს აჭარბებს. თბილისის პარალელურად, საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში შენდება. ბინას რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში 2700 ოჯახი მიიღებს.




