„ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ დათუნაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს, სადაც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გამართულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბელგიასა და იტალიაში ვიზიტებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ნახოს „ევრონიუსის“ სამიტი ინგლისურ ენაზე, რა დღეში ჩააგდო ირაკლი კობახიძე რეალობაზე ლაპარაკმა. პროპაგანდის მიღმა რომ გამოდის, უბრალოდ მოწყვლადია, დაუცველია. სამიტიდან ელაპარაკებოდა ბიძინა ივანიშვილს, საკუთარ ამომრჩეველს არ ელაპარაკებოდა. ნახეთ, ბევრი კვლევა ტარდება, არ მინდა, კონკრეტული დავასახელო. ყველა კვლევაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების იდეის მხარდაჭერას იკვლევს, წინა პერიოდთან შედარებით მაქსიმუმ 2-3-პროცენტიანი კლება იყო. ანუ 75 პროცენტის ფარგლებში, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის უმრავლესობას. როდესაც კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირი ეკონომიკურად ეცემა, მას ბიუროკრატია მართავს, გლობალური ომის პარტია, იმედი გვაქვს, ყველაფერი გამოსწორდება და შემდეგ შევალთ ევროკავშირში – ამის არ სჯერა მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა უმრავლესობას, თუმცა ამის სჯერა ბიძინა ივანიშვილს და ამ ყველაფერს სწორედ მისთვის აკეთებს“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.
კითხვაზე, „ხომ არ არის ეს ივანიშვილის გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად ახორციელებენ, რათა თავად ევროკავშირმა თქვას საქართველოზე უარი“, დათუნაშვილმა განაცხადა:
„ბატონმა პაპუაშვილმა ხომ იცოდა, რომ ბრიუსელში ჩასვლისას არცერთი მაღალი დონის შეხვედრა არ ექნებოდა და ბელგიის პარლამენტში რომელიღაც ერთი ფრაქციის მიწვევით მივიდოდა. ან იტალიის პარლამენტში რომ მიდიან ადგილობრივი ფაშისტების მიწვევით და იქ ყელყელაობენ. ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გადაუჭრელი პრობლემა ის არის, რომ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა უმრავლესობა, არამედ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური დამთრგუნავი უმრავლესობა პროევროპელია. უნდა საქართველოს მომავალი ევროკავშირში. ვერ გაყიდეს ვერც ევროპის დაისი, ვერც ევროპული უკუღმართული წესით ცხოვრება. ამას ვერ ყიდიან“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.




