„ვემხრობი „ქართული ოცნების“ ინიციატივას, აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა ქართულ სახელმწიფოში“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზღვარგადასული ლიბერალიზმის საწინააღმდეგოდ, რომელშიც მსოფლიო იკარგება, საქართველომ თავისი სიტყვა უნდა თქვას.
„როდესაც ლგბტ პროპაგანდის დარეგულირების შესახებ ვსაუბრობთ, ამ საკითხს აქვს ორი მხარე - სამართლებრივი და მორალური. სამართლებრივ ნაწილში საქართველოს კონსტიტუციით ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია, მათ შორის, სქესის ნიშნით და აკრძალულია ამ მხრივ დისკრიმინაცია. ასევე, შრომის კოდექსით აკრძალულია დისკრიმინაცია ორიენტაციის ნიშნით სამუშაო ადგილზე; სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად არის ჩადებული ორიენტაციის საფუძვლები და ა.შ. საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ჩემი პროფესიული ვალდებულების მიუხედავად, ამ საკითხს, სამართლებრივზე მეტად, მორალური ასპექტებით განვიხილავ. რა თქმა უნდა, ყოველგვარ ძალადობას ვემიჯნები, მაგრამ პრაიდების ჩატარების ინიციატივას არ მივესალმები.
ლგბტ პროპაგანდა ფერად ისტერიად იქცა. ლიბერალიზმი პირდაპირ ჩვენზე მომართული იარაღია, რომლის სამიზნე ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები და ფასეულობებია. მიმაჩნია, რომ სოციალური სიგიჟეა იმის მცდელობა, უფლის მიერ მიღებული კანონზომიერება შეცვალონ. ზღვარგადასულ ლიბერალიზმში, რომელშიც მსოფლიო იკარგება, ჩვენ, პატარა ქვეყანამ, ამის საწინააღმდეგოდ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ. ვემხრობი „ქართული ოცნების“ ინიციატივას, აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა ქართულ სახელმწიფოში“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.