წყალტუბოში მომხდარ ფაქტზე, სადაც მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ "ქართული ოცნების" წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა, ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ როლანდ ნუცუბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისის მიმართულებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი და ეს, მისი თქმით, არაფრით დასტურდება. მისივე განცხადებით, მსგავსი ფაქტის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა მიუღებელია.
"პირველ რიგში, არაფრით არ დასტურდება, რომ ეს არის ოპოზიციონერი აქტივისტი. ეს ადამიანი არ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი - ეს ერთი და მეორე, გაცილებით მეტი სისასტიკეა ახლა ის, რასაც აკეთებს ხელისუფლება, რომ სურს პოლიტიკურ კონტექსტში გადაიტანოს ტრაგედია. ეს ტრაგედიაა იმ ადამიანისთვისაც, რომელმაც უხეშად ისაუბრა იმ დღეს, მისთვისაც ტრაგედიაა და დავხუროთ ეს თემა. ყველასთვის მძიმეა. ერთი წამით დაფიქრდნენ იმ ადამიანზე, რომელსაც ოპოზიციონერ აქტივისტს უწოდებენ, რა მდგომარეობაშია, ვინმემ მოიკითხა?! - იმას, რომ დღეს გული გაუსკდეს ასეთი საშინელი ბრალდებების გამო, ჩვენ "ქართულ ოცნებას" უნდა დავაბრალოთ?!" - აღნიშნა თამარ კორძაიამ.