მადიარმა არჩევნები რითაც მოიგო, ის ჩვენ უკვე გავწერეთ სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელზეც ცხრა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით. არჩევნებით აუცილებლად აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას, რომელსაც რეჟიმი არჩევნებზე ვერ გააყალბებს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

„ჩვენთვის, „ფედერალისტებისთვის“ განსაკუთრებით სასიხარულოა ეს გამარჯვება, რადგან რასაც მრავალი წელია, ვამტკიცებთ და რისთვისაც პირადად მომიძულა პოლიტიკურმა „ბაბლმა“, ზუსტად ეს იყო – ჩვენ ვამბობდით, რომ უბრალო უმრავლესობით ავტოკრატიაში არჩევნებს ვერ იგებ. იმისთვის, რომ ავტოკრატიაში არჩევნები მოიგო და შემდეგ ეს მოგებული ხმები დაიცვა, გჭირდება არა უბრალოდ რამდენიმეპროცენტიანი უმრავლესობა, არამედ ორჯერ დიდი უმრავლესობა, რადგან უნგრეთი მაინც ასე თუ ისე დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენთან ჩამოყალიბებულია ავტოკრატიული სისტემა. გარდა ამისა, რაზეც დღემდე კონფლიქტი მაქვს, მათ შორის ტელემედიასთან და ჩვენს პოლიტიკურ გარემოცვასთან, არის, რომ ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმ თემებზე, რაც ადამიანების სასიცოცხლო ინტერესებშია. ოპოზიციური ალიანსის სტრატეგიულ შეთანხმებაში ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ კრიტიკულმა უმრავლესობამ უნდა დაინახოს სასიცოცხლო ინტერესი რეჟიმის ცვლილებაში, არა უბრალო უმრავლესობამ, არამედ უდიდესმა უმრავლესობამ. ეს იყო ჩემი დაპირისპირების მიზეზი პოლიტიკურ სპექტრთან, რომ ჩვენ უნდა გვესაუბრა იმ თემებზე, რაც უშუალოდ მოქალაქეებს აწუხებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ჩვენს დღის წესრიგში საკუთარი ინტერესები დაენახათ. ამის ნაცვლად, ქართული ოპოზიცია საუბრობდა იმაზე, აქ მიშას რა აწუხებდა, იქ კეზერას რა უნდოდა, იქ მელია გავწიოთ, აქ ხაბეიშვილი შემოვწიოთ, პოლიტიკური მანევრები და ა.შ. მოხარული ვარ, რომ შევძელით კონსენსუსის გაფართოება ამ თემაზე და დღეს ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეთანხმებული ვართ, რომ უბრალო უმრავლესობით არჩევნებში შესვლას აზრი არ აქვს, რადგან წაგვართმევენ და ვერც ხმებს ვერ დავიცავთ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.