საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს  მიხეილს სააკაშვილს პოლიტიკურად დავმარხავ ისე, რომ ცხვირი ვერ გამოყოს. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ სააკაშვილის ადრე გაკეთებულ განცხადებიდან ფრაზას აქვეყნებს. 

სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს: "ბოკერიამ და სხვდებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან".

ჩერგოლეიშვილი წერს, რომ "კრემლის ტელევიზიაშიც იგივეს იძახდნენ და მაგიტომ გამოვფინე. ვინმეს რომ არ დაავიწყდეს, რომ ამას პოლიტიკურად დავმარხავ ისე, რომ ცხვირი ვერ გამოყოს."

"ფედერალისტების" ლიდერი ასევე წერს, რომ  მიხეილ სააკაშვილი "წარსულია და აღარასოდეს დაბრუნდება, არ დაგავიწყდეთ."

შეგახსენებთ, 2024 წლის 17 სექტემბერს, რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაცემა "АнтиФейк"-ში სტუმრად მიწვეული იყო პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ფიფია. გადაცემაში ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ლიდერებზე, თამარ ჩერგოლეიშვილზე და გიგა ბოკერიაზე ისაუბრეს. 

"რუსული კანონი სავარაუდოდ უკვე ძალაშია საქართველოში. ვინ და რატომ კვებავს მეზობელი რესპუბლიკების მოსახლეობებს საშინელებათა ისტორიებით და საიდან ფინანსდება ქართული ონლაინ გამოცემა ტაბულა და მისი ანტირუსული "გალობები" – წერია გადაცემის აღწერაში.

წამყვანმა ტაბულა აღწერა, როგორც "ულტრალიბერალური" მედია, ხოლო მისი დამფუძნებელი და პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, როგორც "ანტიქრისტე", მან ასევე გაიმეორა რუსი სატელიტების ნარატივი გიგა ბოკერიას შესახებ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის "ეკლესიასა და სასულიერო პირებს დევნიდა".

"ტაბულა, კერძოდ კი თამარა ჩერგოლეიშვილი, ეს ადამიანი უბრალოდ ანტიქრისტეა. სხვათაშორის, მისი [ჩერგოლეიშვილი] ქმარი, გიგა ბოკერია, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა. ის არის სააკაშვილის რეჟიმის მთავარი სულისჩამდგმელი და იდეოლოგი.  მთავარი დამნაშავე ეკლესიისა და სასულიერო პირების დევნაში. ის თვითონ ჯდებოდა მანქანაში, ანგრევდა კარებს და პირდაპირ იჭრებოდა ეკლესიაში. ამით, ისინი აჩვენებდნენ, თუ ვინ იყვნენ საქართველოს მეპატრონეები. მათთვის ეკლესია მტერია. ის [ჩერგოლეიშვილი] და მისი ქმარი გაიზარდნენ სოროსის ფონდით. ტაბულა ჯერ არ არსებობდა, როდესაც ისინი 2000-იანი წლებიდან იღებდნენ გრანტებს და ამ გრანტებზე სხედან. გრანტიჭამიები არიან, შეხედეთ მის [ბოკერია] სახეს. ისინი ძალიან სახიფათო ადამიანები არიან, როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ასევე მთლიანად რელიგიისთვის საქართველოში" – ამბობს ფიფია. (თარგმანი "ტაბულა").