ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს იყოს თქვენთვის არაპოპულარული სვლა, ეს იქნება უაღრესად სახელმწიფოებრივი, – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მისი თქმით, ეს იქნება სიმშვიდის მომტანი და ახალ ჯოჯოხეთს არ გამოიწვევს.
„ბატონო ირაკლი, შეიძლება, თქვენ გაგიკვირდეთ და მე არ ვარ დღეს მოსული სამტროდ. მინდა, ყველას ყურადღება მივიპყრო, მგონი, ამ დარბაზში მტრად ვექეცით უკვე ყველა ერთმანეთს, ეს ძალიან არ მომწონს. თქვენ წეღან ახსენეთ და მე მოვინიშნე, რომ ევროპარლამენტარებმა გვითხრესო, რომ სააკაშვილი ჩვენიაო, კი ბატონო, ხომ გითხრეს მათ სტატუსის წინ. დღეს მოვედი მხოლოდ ერთი რამის გამო და არ მრცხვენია, პირდაპირ გითხრათ, რომ თხოვნით მოვედი. მე არ შეგხვდით, განზრახ არ მოვითხოვე თქვენთან შეხვედრა, რომ მეც არ ჩამეგდო თავი უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ შემდეგ პოლიტიკური განხილვა მოჰყვება ხოლმე ამას არასწორი და სუბიექტური. ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადადოთ ყველაფერი, ერთად შეიკრიბოთ მთელი გუნდი, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს იყოს თქვენთვის არაპოპულარული სვლა, ეს იქნება უაღრესად, უკიდურესად სახელმწიფოებრივი, დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი.
რა გულწრფელობითაც ამას ვამბობ, ამის მტკიცება არ მჭირდება, არც იმაზე საუბარი მჭირდება თქვენთან, ვის მოიაზრებთ „მეხუთე კოლონად,“ ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ. ბოლოს და ბოლოს, მთელი ცხოვრება მამაჩემი თავისუფლების ჰიმნს უწერდა ამ ქვეყანას, აი, მაშინ, ფოთოლიც რომ არ შრიალებდა კომუნისტების. მე ამაზე სასაუბროდ არ მოვედი, მე სიცრუეს ვისხლიტავ, არც ვიღებ, მაგრამ, რასაც მე გთხოვთ, იქნებ მიხვდეთ, რომ ეს იქნება სიმშვიდის მომტანი და ახალ ჯოჯოხეთს არ გამოიწვევს. თქვენ ხალხმა რუსთაველზე მიგითითათ გზა და ეს გზა არის დასავლეთი. მე არც იმის მეშინია, რომ ამ გზას ვინმე გადაუხვევს, სულ რომ სურვილი გქონდეთ, ვერ გადაუხვევს ამ გზას საქართველო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.