მთელი საზოგადოებისთვის, საქართველოსთვის ენით აღუწერელი შეურაცხყოფა და დაცინვაა, - ასე შეაფასა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიის „კონსერვატიული პარტიის“ მიერ ჯილდოს გადაცემა.
„სტრასბურგის განაჩენში სულხან მოლაშვილის საქმეზე წერია, რომ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. მოდი დავანებოთ სულხან მოლაშვილის საკითხს თავი - დაახლოებით 30 ტელევიზია დახურა, მოსპო ოპოზიციური აზრი. რა დემოკრატიის განვითარებაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზეა საუბარი? ციხეში (როცა მე დამაკავეს) კვირაში მინიმუმ 2-3 გვამი გადიოდა, მიჰყავდათ საავადმყოფოში როგორც ცოცხალი, ფორმდებოდა როგორც ცოცხალი პიროვნება, რომელიც ჩააბარეს საავადმყოფოში და ან იმ დღეს, ან მეორე დღეს უნდა „გარდაცვლილიყო“. გლდანის ციხეში კვირაში მინიმუმ 2-3 ადამიანი კვდებოდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ვისთან, რა ბოროტებასთან გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება საქმე. მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში ბუტა [რობაქიძე] ეგრევე მოკლა.
სტუდენტები რუსთაველზე ვინც იყვნენ, ზოგი დაბადებულიც არ იყო იმ დროს, ზოგი 2, 3, 4 წლის იყო. იმათმა არ იციან, ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, მიხეილ სააკაშვილი რას აკეთებდა. ახალგაზრდებზე გათვლილია - არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს თავაწეული, ამაყი საქართველო არ უნდა. როგორი იდეალური არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს და ეჭვი არ მეპარება, რომ იდეალური არჩევნები ჩატარდება, მაინც იტყვიან რომ დარღვევები იყო და ამ ახალგაზრდებს მაშინ გამოიყვანენ“, - განაცხადა მოლაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ .
შეგახსენებთ: საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.