„დღეს აქ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდიოდა და საუბრობდა შიშზე - კარგად გვახსოვს შიში ჩვენი ყოფილი მთავარსარდლის თვალებში. კარგად გვახსოვს გაქცეული, სახეწაშლილი და მიწაზე  მფორთხავი ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც მიატოვა თავისი სტუმარი, საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გაოგნებული იყურებოდა, სად წავიდა ეს კაციო“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენისას სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

სუბარის თქმით, მსოფლიოში დღის წესრიგი იცვლება და ამ ვითარებაში საქართველოს უმთავრესი მიზანი არის მშვიდობის შენარჩუნება.

„დავიწყებ პრემიერ-მინისტრის ციტირებით, რომელმაც თქვა, რომ ურთულეს პერიოდში ვცხოვრობთ, მსოფლიო დღის წესრიგი იცვლებაო. მსოფლიო დღის წესრიგი კი არა, მსოფლიო იცვლება, დღეს ისეთი ამბავი ხდება. უკრაინაში მიმდინარე ომი არ არის მხოლოდ ომი უკრაინაში და არ არის მხოლოდ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის უზარმაზარი გამოწვევები, რომლებიც ცვლის მთლიანად მსოფლიოს დღის წესრიგს და როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ხვალ, ზეგ, გაისად, ან სამი წლის შემდეგ, ამის წინასწარმეტყველება არავის შეუძლია. რა არის ამ დროს უმნიშვნელოვანესი ამოცანა, განსაკუთრებით იმ ქვეყნისთვის, რომელიც გეოპოლიტიკურად ყველაზე რთულ სივრცეში ცხოვრობს - ეს არის, როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა. ამაზე დიდი ამოცანა დღეს საქართველოს არ აქვს და ამას სჭირდება ყველაზე დიდი ძალისხმევა.

პრემიერმა დღეს ბევრი ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზე, იმ მაღალ ციფრებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, ისაუბრა იმ განსახორციელებელ, თუ განხორციელებად სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს და ეს მართლა შთამბეჭდავი ციფრებია, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ წუთში დარჩება წარსულში, როგორც კი პირველი ტყვია გავარდება. ტყვია გავარდება და ქვეყანა იცვლება, ტყვია გავარდება და უკვე სხვა სამყაროში ვიწყებთ ცხოვრებას, სადაც სხვა წესები მოქმედებს - ის წესები, რომლებიც ჩვენ აღარ გვემორჩილება და ჩვენ ვეღარ ვმართავთ. ამიტომ უმთავრესი ამოცანა დღეს არის ის, თუ როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა.

დღეს აქ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდიოდა და საუბრობდა შიშზე - კარგად გვახსოვს შიში ჩვენი ყოფილი მთავარსარდლის თვალებში. კარგად გვახსოვს გაქცეული, სახეწაშლილი და მიწაზე  მფორთხავი ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც მიატოვა თავისი სტუმარი, საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გაოგნებული იყურებოდა, სად წავიდა ეს კაციო. გვახსოვს ის მისამართიც და თუ ოპოზიციას არ ახსოვს, შევახსენებ მათ - ეს იყო გორში, შიდა ქართლში, მეჯვრისხევის ქუჩა და ეს არ ამოვა არასდროს ჩვენი თვალებიდან, რადგან ეს იყო ეროვნული სირცხვილი, რაც იქ ხდებოდა და ეს ადამიანები ვინმეს შიშზე ნუ ლაპარაკობენ.

ბატონი ფრიდონ ინჯია საუბრობდა იმ უბედურებაზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ, იმ ომზე და ბატონი ფრიდონი იყო იქ ერთ-ერთი მოქმედი პირი. მეც ვმონაწილეობდი იმ ომში, როგორც ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ჩემი სამშობლოსი, ვიყავი მენაღმე - „საპიორს“ ვეძახდით მაშინ, ვიყავი რადისტი, ე.წ. „შილკაზე“ (ქართულად სახელი არ აქვს ამ მანქანას) და შიშზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის გრძნობა, რომელიც ყველა ჯარისკაცს განუცდია და რის გადალახვაც პირადად მე მიხდებოდა ყოველდღე. განსაკუთრებით, როდესაც ხარ მენაღმე, გიწევს არა მხოლოდ წინა ხაზზე, არამედ წინა ხაზს იქით გადასვლა და შენი დავალების იქ შესრულება. ამ შიშის გადალახვა გიწევს და უნდა გადალახო კიდეც, მაგრამ როდესაც ხარ ქვეყნის ხელმძღვანელი, რაღაცეების უფლება არ გაქვს. მაგალითად, არ გაქვს იმის უფლება, რაც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა. მინდა მივმართო ამ შემთხვევაში, არა ყოფილ მთავარსარდალს, არამედ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს პრემიერ-მინისტრს - რისი უფლებაც შეიძლება ადამიანმა მისცეს თავის თავს ომში, იმის უფლება არ აქვს პრემიერ-მინისტრს, ქვეყნის ხელმძღვანელს. მან უნდა იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ინტერესები გულისხმობს, ისე მართოს ქვეყანა, რომ მას ომი ააცილოს თავიდან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.