ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობისას მომზადებული სარჩელი იმდენად არაკომპეტენტური იყო, ჰააგის სასამართლომ თავზე გადაგვახია - იგივე ბედი ეწეოდა სტრასბურგის სარჩელსაც, ჩვენ რომ მტკიცებულებები არ გაგვემყარებინა - ამის შესახებ  მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა "იმედის" ეთერში ისაუბრა.

„ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თუ არ ვითანამშრომლებდით, შესაბამისად, მტკიცებულებებსაც ვერ მივაწვდიდით და ეს საქმე როგორ შემოტრიალდებოდა, არავინ არ იცის. ამ ფონზე, 2015 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან აქტიურად დაიწყო მასალებისა და მტკიცებულებების მიწოდება. სწორედ ეს მტკიცებულებები გახდა იმის საფუძველი, რომ გამოძიება საქართველოს სასარგებლოდ დამთავრდა. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვისას, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იყო და ამ პროცესს თინათინ ბურჯალიანი ხელმძღვანელობდა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - ჩვენ ის საჩივარი თავზე გადაგვახიეს, იმდენად დაუსაბუთებელი, არაკომპეტენტური და რეალობას მოწყვეტილი იყო. უბრალოდ, განხილვაშიც კი არ მიიღეს და თქვეს, რომ ამ ფარატინა ქაღალდების შეტანა სასამართლოს შეურაცხყოფა იყო. იგივე ბედი ეწეოდა სტრასბურგის სარჩელსაც, ჩვენ რომ არ მოგვესწრო და მტკიცებულებები არ გაგვემყარებინა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.