გერმანიასა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფრომებული მიგრაციიის და მობილობის ხეშლეკრულება მოიცავს დებულებებს  უკანონო მიგრაციის შემცირებაზე, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობასა და საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, გერმანიის შს მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და განმარტა, რას მოიცავს დღეს ხელმოწერილი შეთანხმება.

„უპირველესად, მინდა, მადლობა ვუთხრა ქალბატონ მინისტრს ჩამობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. იცით, რომ გერმანია ყოველთვის გვერდში გვიდგას საქართველოს, 90-იანი წლებიდან ყველა მიმართულებით; ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ევროინტეგრაციის კუთხით. იცით რომ სულ ახლახან კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა და ყველას გილოცავთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გერმანიის მხრიდან, ყოველთვის ვგრძნობთ ამას“, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, შეთანხმების პროექტი მოიცავს დებულებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ.

„შეთანხმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმდა. შეთანხმების პროექტი მოიცავს დებულებებს შემდეგ საკითხებზე: უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება, შეთანხმების ფარგლებში მონაცემების გაცვლა ან დაცვა. მიგრაციის შემცირების მიმართულებით პროექტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია შემდეგ მიმართულებებზე: უნებართვოდ მცხოვრებ პირთა უზრუნველყოფის პროცესში თანამშრომლობის განმტკიცება; მოცემული მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაშია შეყვანილი; დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია და დისკრიმაციისგან მათი აქტიური დაცვა, საინფორმაციო კამპანიების განხორციელება გერმანია-საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების დაბალი შანსების შესახებ“, – განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.

ამასთან, როგორც გომელაურმა განმარტა, შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობას შემდეგ მიმართულებებით: ცირკულარული მიგრაციისა და სეზონური შრომითი მიგრაციის გაძლიერება გერმანულ შრომით ბაზარზე და ქართველებისთვის შრომითი საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების გაფართოება.