"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს უმრავლესობის 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პროექტის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 20-მა წევრმა მისცა.

კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საპროტესტო აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსებასთან დაკავშირებით ახალი ამკრძალავი ნორმები შემოდის, უმრავლესობის 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პროექტის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 20-მა წევრმა მისცა.

კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების  და  მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

 კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების განხორციელებას არ ზღუდავს.

კანონპროექტი პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ირაკლი ბერაიას, გივი მიქანაძის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, თენგიზ შარმანაშვილის და ალექსანდრე ტაბატაძის საკანონმდებლო ინიციატივაა.  მისი  განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.