შოკირებული ვარ რობერტ ფიცოზე თავდასხმით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„შოკირებული ვარ ჰანდლოვაში სლოვაკეთის კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის ამბით. ვერასდროს ვერაფერი გაამართლებს ძალადობას ან ასეთ თავდასხმას. ჩემი ფიქრები პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთანაა“, – წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ გარეთ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რობერტ ფიცო ჰოსპიტალიზებულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველთა ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა.