მოგესალმებით ისტორიული კოლხეთის უძველეს მიწაზე, ჭეშმარიტ საქართველოში, საიდანაც დაიწყო ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი უნიკალური ცივილიზაცია, რომლის გაწყვეტა და განადგურება დღემდე ვერავინ შეძლო და ვერც ვერავინ შეძლებს, სანამ ქართული სული იარსებებს, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ზუგდიდში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.

როგორც მან აღნიშნა, 23 საუკუნის წინ სწორედ კოლხეთის ერისთავმა ქუჯიმ, მეფე ფარნავაზთან ერთად, პირველად განახორციელა საერთო ქართული ოცნება და გააერთიანა საქართველო, რის შედეგადაც, მსოფლიო ცივილიზაციას უნიკალური ქართული კულტურა და სახელმწიფო შეემატა.

„მოგესალმებით მეგრელებსა და სვანებს, რომლებიც კავკასიის რეგიონის ყველაზე მაღალ და დაბალ მიწებს, მსოფლიო კულტურისა და მემკვიდრეობის უამრავ გამორჩეულ ძეგლს ერთ რეგიონში აერთიანებთ. 
  
23 გრძელი საუკუნე გვაშორებს იმ დღეს, როდესაც კოლხეთის ლეგენდარულმა ერისთავმა, ქუჯიმ, ჩაიფიქრა და მეფე ფარნავაზთან ერთად პირველად განახორციელა საერთო ქართული ოცნება - საქართველოს გაერთიანება. შედეგად, მსოფლიო ცივილიზაციას შეემატა ჩვენი უნიკალური კულტურა და ქვეყანა, რომელიც დღეს ჩვენი ისტორიული მისწრაფების განხორციელების წინაშე დგას.“ -  მიმართა პაპუაშვილმა ზუგდიდში შეკრებილებს.