ლონდონის უზენაესმა სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ წესები, რომლებიც, მათ შორის საბანკო-საფინანსო სისტემაში არსებობს ევროპის კონტინენტზე, ადვილად ირღვევა, როცა არაფორმალური მმართველობა ერევა ხოლმე ასეთ პროცესებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მსოფლიოს საფინანსო სისტემაში ყველაზე რეპუტაციული ბანკის, „კრედიტ სუისის“ გამოყენებით ავაზაკური რეკეტი განხორციელდა.
„უპირველეს ყოვლისა, კვლავ გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიანად პროცესის შესაფასებლად, როდესაც ის შეაფასეს, როგორც ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა. ეს დღეს დაადასტურა ლონდონის უზენაესმა სასამართლომ. მეორე, რაც დღეს სასამართლომ დაადასტურა, არის ის, რომ წესები, რომლებიც, მათ შორის საბანკო- საფინანსო სისტემაში არსებობს ევროპის კონტინენტზე, ძალიან ადვილად ირღვევა, როდესაც არაფორმალური მმართველობა ერევა ხოლმე ასეთ პროცესებში.
რამდენიმე წელია, ეს დავა მიმდინარეობს და ვნახეთ, როგორ თავხედურად, უხეშად, ისტორიულად და ზოგადად, მსოფლიოს საფინანსო სისტემაში ყველაზე რეპუტაციული ბანკის, „კრედიტ სუისის“ გამოყენებით როგორი ავაზაკური რეკეტი განხორციელდა და ამას ასე თავხედურად, ღიად, შუაგულ შვეიცარიაში აკეთებდა ბანკი დაუსჯელად. ამას დღისით, მზისით ავაზაკურად უყურებდა მთელი ევროპა, უყურებდა მთელი საბანკო სისტემა, მათ შორის ევროპის და ნული რეაქცია ჰქონდათ ამაზე. გახსოვთ, მათ შორის ამ დავის მიმდინარეობის პერიოდში სტატიებს უბლოკავდნენ ბიძინა ივანიშვილს, განცხადებებს არ აქვეყნებდნენ მედიაში, რაც აჩვენებდა, რომ ევროპის კონტინენტზე არაფორმალური მმართველობა არა მხოლოდ საბანკო სისტემას მართავს ჩვეულებრივად ხელით, არამედ მედიასაც მართავს პირდაპირ ხელით და ბლოკავდნენ განცხადებებს, თუ სხვა სახის მასალას მედიაში ამ დავასთან დაკავშირებით.
მესამე – ამ დავის ნაწილიც იყო ზუსტად ის, რომ სხვა შეზღუდვებიც მოეფიქრებინათ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, იცოდნენ რა, ეს იყო აბსოლუტური თავხედური ქცევა ბანკისა, რომელიც, ადრე თუ გვიან, სასამართლო გადაწყვეტილებით დასრულდებოდა და ამ მომენტისთვის თავი დაეზღვიათ და სხვა მექანიზმები აემუშავებინათ. ამ მხრივ, იყო კიდეც ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ მას არ აქვს იმედი, ვინმე კანონის უზენაესობას იმ დონეზე აღიარებს, რომ ამ მარცხის შემდეგ მაინც მისცენ შესაძლებლობა, მას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ანგარიშებზე. ასე რომ, ის შეზღუდვები და სანქციები, რომლებიც თავის დროზე, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აბსოლუტურად სასაცილო საბაბით იქნა გამოგონილი, შესაძლოა, ახლა გამოიყენონ საბაბად, რათა არ მისცენ მას წვდომა ანგარიშებზე. ჩვენ ვსაუბრობთ შეზღუდვაზე, რომელიც დააწესა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელსაც დღევანდელი ადმინისტრაცია მოიხსენიებს, როგორც ავტოკალმის პრეზიდენტს, რომელმაც თვითონაც არ იცოდა, რას აწერდა ხელს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაცია იღებდა სხვა ქვეყნებისა და ერების დასაზიანებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.
ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.







