NED-ის ხელმძღვანელობისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ საქართველოში მათი აქტივობები იქნებოდა გასაჯაროებული, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერ ვიღებდით პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, NED-ის მხრიდან საქართველოში ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდება.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩთან პერიოდულად მაქვს შეხვედრები. ასევე, რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა NED-ის ხელმძღვანელობასთან, შეხვედრა მქონდა USAID-თანაც. მათ შორის, მათთან მქონდა საუბარი NED-ის ნაწილზე და დაფინანსების გაუმჭვირვალობაზე. NED-ის ხელმძღვანელობისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ საქართველოში მათი აქტივობები იქნებოდა გასაჯაროებული. შარშან, გაზაფხულზე მქონდა პირველი შეხვედრა და შევთანხმდით, რომ ვებგვერდზე განათავსებდნენ ან საჯაროს გახდიდნენ, მათ შორის, ჩვენც მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ. შემდეგ კავშირზე იყო ჩემი კაბინეტი და ერთი მისამართიდან მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე მოხდა გადამისამართება და ასე ჩაიკარგა პასუხები. მეორე ტალღაც ასე იყო, მესამეც. საბოლოო ჯამში, ვერ ვიღებდით პასუხს, მაგრამ შემდეგ შემთხვევით ვიგებდით, რომ პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან. NED-ის მხრიდან ფინანსდება გახარიას პარტიის ყალბი „ენჯეობი“, NED-ის მხრიდან ფინანსდება სხვადასხვა პარტიების ყალბი „ენჯეოები“, რომლებზეც ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში არის ინფორმაციები. მაგალითად, „დროას“ ამბავი შემთხვევით გავიგეთ – ელენე ხოშტარიამ დაპოსტა და იმ პოსტში გაამჟღავნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რაში გამოიხატება პირობის დადება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, პაპუაშვილმა აღნიშნა: „ეს გამოიხატება, მათ შორის, იმ დეკლარაციებში, რომლებზეც ხელი აქვთ მოწერილი. მათ 2016 წელს აქვთ ხელი მოწერილი გამჭვირვალობის დეკლარაციაზე. ასევე, არსებობს 200 ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია თუ განცხადება, რომელიც მათ გამჭვირვალობას შეეხება. შარშან, როდესაც საუბარი იყო დახურულობაზე, გახსოვთ კამპანია, ახლაც იგივე კამპანია აქვთ, თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა. სად არის? მაჩვენეთ, ენჯეო „დროას“ ვისი ფინანსები აქვს? შემოდის უცხოური დაფინანსება და, რა თქმა უნდა, ნაწილი არის გამჭვირვალე, ნაწილი – გაუმჭვირვალე. სწორედ იმ ნაწილში, რომელიც გაუმჭვირვალეა, არის პოლიტიკური მიზნები. აქ არის რადიკალური ჯგუფების დაფინანსება“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, უცხოური ფულით პოლიტიკის დაფინანსება აკრძალულია ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

„პარტიებთან დაკავშირებით პრობლემაა კანონის გვერდის ავლა. უცხო ფულით პოლიტიკის დაფინანსება აკრძალულია ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით. ეს არის კანონის გვერდის ავლა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.