დღის განმავლობაში ჩატარებული დათვალიერებით, წუხანდელი თავდასხმის შედეგად პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი, დაზიანდა ჭიჭინაძის და რუსთაველის გამზირის მხრიდან ქვედა სართულების თითქმის ყველა ფანჯარა, დაზიანებულია სხვადასხვა სახის საოფისე ტექნიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"დამწვარია პარლამენტის ხის კარი ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, განადგურდა პარლამენტის ცენტრალური კორპუსის გათბობა-გაგრილების აგრეგატები, დაზიანდა სასაწყობე სივრცე და სასწავლო ცენტრის კომპიუტერული ლაბორატორია, სრულადაა განადგურებული პარლამენტის კაფეტერია, რომლის ფანჯრებიც გადიოდა ჭიჭინაძის ქუჩაზე.
ცალკე მსურს, ხაზი გავუსვა პარლამენტის შენობის გარე განათებას, რომელიც მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი დაზიანებების შედეგად გათიშულია. წინა დღეებში ჩვენ მკაცრად გავაკრიტიკეთ ყველა ის ოფიციალური განცხადება, სადაც საქართველოს ხელისუფლება მოიხსენიეს, როგორც მშვიდობიანი მიტინგის დამრბევი თუ დამშლელი. მკაფიოდ მსურს, განვაცხადო, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის დაცული. ნებისმიერი მასშტაბისა და ნებისმიერი ხანგრძლივობის აქცია და პროტესტი დაცულია კანონით, თუკი იგი ატარებს მშვიდობიან ხასიათს.
საქართველოს საპოლიციო ძალები გამოყენებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მანიფესტაცია იღებს ძალადობრივ ხასიათს. მომხდარის სხვაგვარად შეფასება წარმოადგენს გამიზნულ სიცრუესა და დეზინფორმაციას, რომელიც, ამავე დროს, ადვილად არის ამოსაცნობი, რადგანაც მიმდინარე პროცესი ერთდროულად რამდენიმე ტელევიზიის მიერ გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით და სურათი ნათელია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.