როდესაც ჩვენ ვამბობდით ღირსებით ევროპისკენ, ზუსტად ამას მისცა ხმა 26 ოქტომბერს საქართველოს მილიონ 120 000-მა მოქალაქემ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ევროინტეგრაცია არ უნდა დაგვამადლონ. ახლა ზოგიერთი დიპლომატი თუ პოლიტიკოსი რომ საუბრობს, კანდიდატის სტატუსი ეს ჩვენი კეთილი ნება იყო, სამადლოდ მოგეცით, გვინდოდა, რაღაცნაირად კეთილი განწყობა გვეჩვენებინა თქვენთვისო, ჩვენ არანაირი ჩვენება არ გვინდა. ჩვენ იმის გაცნობიერებით მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე, რომ მათაც სჭირდებათ საქართველო. თუ ეს ევროკავშირის მხრიდან არ დავინახეთ, რა იმედი უნდა გვქონდეს, რომ საჭირო დროს საჭირო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ წევრობაზე, მოლაპარაკებების გახსნაზე და ასე შემდეგ? 70 მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხი უნდა იყოს ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ქვეყანაში ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესში ხელშესახები შედეგები მოიტანა.
„ჩვენ შევედით ამ პროცესში და ასოცირების შეთანხმების სახით ევროინტეგრაციის პროცესი დავიწყეთ. დავიწყეთ იმ დამოკიდებულებით და შეგნებით, რომ ეს არის ორმხრივად საჭირო პროცესი, რომ ჩვენ ისევე გვჭირდება ევროპა, როგორც ევროპას ვჭირდებით ჩვენ. ეს გვინდა, დავინახოთ ევროპელებისგან და არა დამადლებულად, სამადლოდ, თუ კარგ ხასიათზე ვიქნები, რაღაცას მოგცემ, ხოლო თუ არ ვიქნები კარგ ხასიათზე, არ მოგცემ. ჩვენ ვჭირდებით ევროპას. შეიძლება, ვიღაც ფიქრობს, ამით საქართველოს ღირებულება დაუგდოს, როდესაც გვეუბნებიან, გინდათ – გინდათ, არ გინდათ და მაინცდამაინც არ გვჭირდებითო. ეს ზოგისთვის არის მოლაპარაკების ტაქტიკა, რომ ღირებულება დაუგდოს საქართველოს. თქვან, არ გვინდაო და იქით სახვეწარი იყოს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვჭირდებით ევროპას და ეს გამოჩნდა ზუსტად ახლა, როდესაც რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპასა და აზიას შორის ჩრდილოეთის კორიდორი დაიკეტა, სამხრეთი კორიდორი დაიკეტა, რადგან ვხედავთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და ერთადერთი ქმედითი კორიდორი, რომელიც ამავე დროს ამ კორიდორებთან შედარებით ყველაზე სწრაფი და იაფი კორიდორია, არის საქართველოს გავლით. ჩვენი მოსახლეობა საკუთარი თვალით ხედავს იმ სატვირთო მანქანებს, რომლებიც საქართველოში გადის აღმოსავლეთ-დასავლეთ კორიდორის მეშვეობით. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვჭირდებით ევროპას და გვინდა, ეს დავანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ევროპის მნიშვნელოვანი გარანტი, როგორც ზოგადი უსაფრთხოებისა, ასე ვთქვათ, სამხედრო თვალსაზრისით, როგორც აღმოსავლეთ კარიბჭე, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროპიდან ზოგიერთი გაქნილი ჯგუფი ცდილობს, ქარაფშუტა და ზოგჯერ მოღალატეობრივი ოპოზიციის ხელით საქართველოს ეს ღირებულება დაუგდოს.
„უნდათ, ისე აჩვენონ, რომ ჩვენ უნდა ვეხვეწოთ, თორემ სინამდვილეში არავის არ ვჭირდებით და შემთხვევით აღმოჩნდა, რომ რახან გაფართოებაა, მოდი, ბარემ საქართველოც გაერიოს ამ მარაქაში. ეს ასე არ არის და ასე არც არასდროს ყოფილა ისტორიულად. ახლა თუ ვიღაც გვატყუებს, რომ ფასი არ გვაქვს, ჩვენი ისტორია ხომ მაინც კარგად ვიცით? როდესაც ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე ვსაუბრობთ, ხომ გვიხარია? გვიხარია იმ მხრივ, რომ ვიცით მისი მნიშვნელობა. დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი კვანძი ევროპისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.