„თუ მათ, მაინც და მაინც უნდათ, რომ ჰქონდეთ პატივი, პარლამენტის წევრის ტრიბუნიდან ისაუბრონ, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მანდატი, შემდეგ ეგოს დაკმაყოფილებაც შეეძლებათ. მანამდე, პარლამენტში ადგილი გამოყოფილია პარლამენტის წევრებისთვის ან სტუმრებისთვის, ისიც საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტთან შეთანხმებით. პატივი უნდა ვცეთ ამ დაწესებულებას" ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას საპასუხოდ კიდევ ერთხელ განმარტა რეგულაცია, რომელიც ბრიფინგების ჩატარების წესს და პარლამენტის შენობაში არაუფლებამოსილი პირების მიერ საპარლამენტო ატრიბუტიკის გამოყენებას ეხება.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების აპარატებში, ხშირ შემთხვევაში, გაფორმებულები არიან და მუშაობენ პარტიის წევრები, ზოგ შემთხვევაში ლიდერები, რომლებიც არიან აპარატის თანამშრომლები და სარგებლობენ პარლამენტის წევრების ბრიფინგისთვის განკუთვნილი ადგილით.
"პირველი - რეგულაციები არანაირად არ ეხება საერთოდ ჟურნალისტებს, მეორე- არანაირად არ ეხება იმას, რომ აპარატის თანამშრომლებს ეკრძალება კომუნიკაცია ჟურნალისტებთან და მესამე - ეს ეხება აპარატის თანამშრომლების მიერ დეპუტატებისთვის გამოყოფილი საბრიფინგე ადგილიდან ჟურნალისტებთან კომუნიკაციას. გამოდიან საბრიფინგე ადგილას, რომელიც პარლამენტის წევრებისთვის არის გამოყოფილი პარლამენტის სიმბოლიკით, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკით და ატარებენ ბრიფინგებს. მათ არაერთხელ მიეცათ მითითება და შენიშვნა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მხრიდან, რომ ეს არის ადგილი დეპუტატებისთვის, რომ ჩაატარონ ბრიფინგები და არა ზოგადად, სხვა პარტიის წევრებისთვის. სამწუხაროდ, მათ აპარატის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ აპარატის თანამშრომლები არიან, გარკვეული აგდებული დამოკიდებულება აქვთ და არა მხოლოდ ამ მიმართებით. ორ თანამშრომელთან დაკავშირებით მიდის დისციპლინური წარმოება, რადგან რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში ძალადობაში იყვნენ ჩართული. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ რეგულაციას. ეს რეგულაცია ეხება პარლამენტის აპარატის თანამშრომელს და რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ის ხალხი, რომელიც თქვენი პარტიების ლიდერები არიან, გაფორმებულები არიან და ხელფასს იღებენ პარლამენტის ბიუჯეტიდან. ეს ეხება იმას, რომ მათ ბრიფინგები ატარონ არა იქ, სადაც პარლამენტის წევრები დგებიან, სადაც არის ტრიბუნა, არამედ თუ მაინცდამაინც უნდათ კომუნიკაცია,დადგნენ ნებისმიერ ადგილას პარლამენტში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს მიმართა და ამ მიმართულებით არსებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.
"ეს არ არის თქვენი პოლიტიკური პარტიის ოფისი. პოლიტიკური პარტიების ლიდერებს პარტიების ოფისებიდან შეუძლიათ ჩაატარონ ბრიფინგები რამდენიც სურთ და მათ შორის, თუ მაინცდამაინც პარლამენტში სურთ კომუნიკაცია, სხვა ადგილებში ჰქონდეთ კომუნიკაცია ჟურნალისტებთან. რაც შეეხება საბრიფინგე ადგილებს, სადაც არის ტრიბუნები და შესაბამისი სიმბოლიკა, ეს არის თქვენთვის, პარლამენტის წევრებისთვის გამოყოფილი, რომ ესაუბროთ ქართველ ხალხს და თქვენ ამომრჩეველს და არ შეუქმნას ზოგიერთმა თქვენი პარტიის წევრმა ცრუ აღქმა მოქალაქეებს, რომ თითქოს ისინი არიან პარლამენტის წევრები. სამწუხაროდ, ამაზე საუბარი რამდენჯერმე იყო პოლიტიკურ ჯგუფებთან და ვიღაცას მაინც უნდა რომ საზოგადოებას თავი მოაჩვენოს თითქოს ის არის პარლამენტის წევრი. ამ ეგოების დასაკმაყოფილებლად ეს დაწესებულება არ არის. თავისი ეგოები დაიკმაყოფილონ სხვაგან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.