სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით არის მიღწეული რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება. 

,,სიმბოლურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დღევანდელ დღეს გამოცხადება.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები, რომლებიც მოიცავს სიცოცხლის უფლებას, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვას, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებას, საკუთრების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას.

ეს გადაწყვეტილება არის მძლავრი სამართლებრივი იარაღი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.

სწორედ ჩვენი ხელისუფლების დაუღალავი ძალისხმევით არის მიღწეული რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება.

ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება მშვიდობიანი პოლიტიკისა და მტკიცე სამართლებრივი ნაბიჯებით“, - წერს შალვა პაპუაშვილი.