სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული საინფორმაციო შტურმი მიმდინარეობს. აქტორები, განცხადებები, შეტევები, სტილი ყველაფერი ერთი და იგივეა. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცდილობენ, რომ გარკვეული ჯგუფები „ლამის შეურაცხადობამდე მიიყვანონ და ფატალური სურათები დადგან“.

„სინამდვილეში აქ არც ტერმინებშია პრობლემა, არც რეესტრშია პრობლემა, არც ვადებში, არც ჯარიმებში, არაფერში არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ გარკვეულ ჯგუფებს არ უნდათ, რომ იყოს გამჭვირვალე და ქართულმა საზოგადოებამ დაინახოს რაში მიდის ფული. ეს ხომ ხელის გულზე დევს, თორემ ვინ უშლიდათ აქამდე თუნდაც თავისი ინიციატივით რომ გაესაჯაროებინათ. გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ ხალხო, თუ ჩვენშია პრობლემა და ამის გამო გიწევთ კანონის მიღება, რა პრობლემაა, აგერაა ჩვენი ვებგვერდი და დავდებთ თვითონ. მაგრამ არა, გარკვეული ჯგუფები უნდა მიიყვანონ ლამის შეურაცხადობამდე და ფატალური სურათები დადგან. თითქოს ერთ-ორ „ენჯეოზე“ იყოს ჩამოკიდებული სამყაროს ბედ-იღბალი. ხომ ხვდებით, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული საინფორმაციო შტურმი მიმდინარეობს. აქტორები, განცხადებები, შეტევები, სტილი ყველაფერი ერთი და იგივეა. აიღეთ ეს და ნებისმიერი სხვა საკითხი, რაზეც იყო ხოლმე შეტევა და ნახავთ, რომ ერთი და იგივე ქსელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

პარლამენტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად მიმდინარეობს.