გვინდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა, თუ საბჭოთა ქვეყანა, ეს არჩევანია არა მარტო დღეს, არამედ ეს არჩევანი იქნება ოქტომბერში და დღევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართველი ხალხი ამ არჩევანს გააკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ახლა მოითხოვს, რომ გამჭვირვალობა იყოს და აქ ყვირილით საღ აზრს ვეღარ გადაფარავს ვერავინ.

„ამ ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებამ ნახა გაწბილება იმ ტყუილით, რომელიც მაშინ თქვეს, რომ ყველაფერი იქნებოდა გამჭვირვალე. რა თქმა უნდა, საზოგადოება ახლა მოითხოვს, რომ ეს გამჭვირვალობა იყოს. აქ ყვირილით საღ აზრს ვეღარ გადაფარავს ვერავინ. მაშინაც საუბარი არ იყო იმაზე, რომ საზოგადოება ამას ეწინააღმდეგებოდა. მაშინ გარკვეული ჯგუფის მოტივირება მოახდინეს იმისთვის, რომ ყოფილიყო, მათ შორის, აგრესიული გამოსვლები და ეს იყო მთავარი მიზეზი მაშინდელი მდგომარეობის და არა ის, რომ საზოგადოება მხარს არ უჭერდა. როგორ წარმოგიდგენიათ საზოგადოება, რომელსაც ეუბნები, გინდა თუ არა შენთვის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე და საზოგადოება ამბობს, არა, არ მინდა, დამიმალეთო? ეს როგორი საზოგადოებაა, თუ არა საბჭოთა საზოგადოება? აქეთ არ ექაჩებიან ის ჯგუფები დღეს რომ ყვიროდნენ, რომ საზოგადოება აქციონ საბჭოთა საზოგადოებად, რომელიც იტყვის, არა, ნუ მეტყვით, დამიმალეთ, შემოდით, მახარჯეთ ფული მოახდინეთ გავლენა ჩემზე და ნუ მეტყვით, ვინ არის ეს ყველაფერი, არ მაინტერესებს და როგორმე ამაცილეთ ეს ინფორმაცია?! დღეს არჩევანია, რა გვინდა ჩვენ? გვინდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა თუ გვინდა ვიყოთ საბჭოთა ქვეყანა, ეს არჩევანია არა მარტო დღეს, არამედ ეს არჩევანი იქნება ოქტომბერში და დღევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართველი ხალხი ამ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ რა გვინდა, ვიყოთ ევროპული სტილის ქვეყანა, რომელიც იქნება გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული, თუ გვინდა ვიყოთ საბჭოთა სტილის საქართველო, სადაც გარკვეულ ჯგუფებს ექნებათ მონოპოლია აზრის, გადაწყვეტილებისა და სხვადასხვა ქმედების“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.