“ჩემთვის პატივია ამ კონფერენციაში მონაწილეობა და საქართველოს პერსპექტივის გაზიარება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელმაც ევროპა და მთელი მსოფლიო მოიცვა - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ, ყველაზე მასშტაბური სახით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ნორმები.


„ამ კონფლიქტმა ძირი გამოუთხარა უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურას, უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინას და მოკლა მშვიდობიანი ევროპის იმედი.
წელიწადზე მეტია უფრო და უფრო მეტად დაუცველ და ტურბულენტურ მსოფლიოში ვცხოვრობთ.
ტრადიციული გაგებით უსაფრთხოების გამოწვევების გარდა, რუსეთის ომმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგო და სურსათის ბაზრებს, რამაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანზე იქონია უარყოფითი გავლენა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ, ამ საუკუნეში ყველაზე მასშტაბური სახით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ნორმები. ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი დიდი წნეხის ქვეშ მოექცა.

თუმცა, ჩემი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ეს აგრესია სიურპრიზი არ ყოფილა. მართლაც, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ გვესმის უკრაინის ტკივილი. საქართველო პირველი იყო, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია საკუთარ თავზე 2008 წელს გამოსცადა რუსეთის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობის, ეთნიკური წმენდის, საკუთარი სახლებიდან ათეულობით ათასობით ადამიანის გამოყრის, საოკუპაციო ხაზით საზოგადოების გაყოფის სახით. 2008 წელს რუსულ აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება სუსტი, დროებითი და არაეფექტიანი იყო. საბედნიეროდ, საქართველოს მაგალითისგან განსხვავებით, დღეს ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე ძლიერ და გაერთიანებულ ევროპულ რეაგირებას,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.