ევროპარლამენტმა გუშინ განიხილა და დღეს მიიღებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან, რიგით მეოთხე რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე

„გვახსოვს, როგორ გავოგნდით, როცა ქართული ჯარის კუთვნილი 5 მილიონი ევროს მიმთვისებელი ოლიგარქი დავით კეზერაშვილი მედიამენეჯერად მოგვინათლეს; როგორ გავბრაზდით, როცა პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობებთან დაკავშირებით ცრუ ნარატივი ამოვიკითხეთ; როგორი იმედგაცრუებით გაგვეღიმა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების „უცხოეთის აგენტების რეესტრში“ აღმოვაჩინეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტების შემუშავებაში თურმე ამერიკელი ლობისტები იყვნენ ჩართული.

თუმცა, რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, ჩვენს ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება და როგორც სულისკვეთებით, ისე მისი შინაარსით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო - აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია.

აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება. ეს ევროპარლამენტის უკვე მესამე რეზოლუციაა, რომლითაც ცალკეული ძალები ევროკავშირის ოფიციალურ ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისთვის და პირადი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ. ადამიანზე, რომლის წვლილიც განმსაზღვრელია იმაში, რომ მუდმივად ომის ქარცეცხლში გახვეული საქართველო, უკვე წლებია ინარჩუნებს მშვიდობას და არ გახდა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ადგილი. ამასთან, როგორც ჩანს, რეზოლუციის ავტორებიც ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი მათ აკვიატებულ ინტერესს უკვე სერიოზულობა აქვს დაკარგული და ამჯერად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც პირადად ახსენეს.

დაბოლოს, სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, რომლითაც ევროკავშირის ოფიციალური ინსტიტუცია, უკვე მერამდენედ, უკანონო ზეწოლით ცდილობს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნას. იმ ევროპარლამენტარებს, რომლებისთვისაც ამ რეზოლუციის მხარდაჭერა მხოლოდ სტატისტიკაა, შევახსენებ, რომ საუბარია ადამიანზე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღიარებით საქართველოს ციხეებში „წამების სისტემა“ შექმნა; დახურა ან ჯიბეში ჩაიდო ყველა ტელევიზია; რომლის რეჟიმის ტრაგიკული შედეგები მაშინდელ ციხეებში ასეულობით ათასმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა; სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.