იმედი მაქვს, ლიტველი დეპუტატი პირველი, რასაც გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შალვა პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ოპოზიციას დღეს დაგეგმილი აქვს მარშები სხვადასხვა ლოკაციიდან, შვიდ საათზე შეიკრიბებიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ასევე ელოდებიან ევროპელ ლიდერებს. როგორ შეაფასებთ, რომ ისინი ცალკე ზეიმობენ ამ ეროვნულ დღესასწაულს?“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის მეგობარი აპრიორი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი.
„ვნახეთ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოდის მათ შორის ევროპარლამენტის გარკვეული დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ლიტველი დეპუტატი, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. იმედი მაქვს, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის, რომელსაც მისგან ვისმენთ. ეს ყველაზე კარგი მაგალითია, რომ სააკაშვილის მეგობარი აპრიორი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. ის, ვინც სააკაშვილს იხუტებს, სააკაშვილს ხელისუფლებას უმაგრებდა თავის დროზე აპრიორი დეფინიციითვე ვერასდროს გახდებიან საქართველოს მეგობრები და ეს მტკიცდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.