„რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს ორი ისტორიული ნაწილის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეაზე გამოსვლისას, რომელიც ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში იმართება. ასამბლეის მუშაობაში 130 ქვეყნის 50-ზე მეტი სპიკერი მონაწილეობს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკანასკნელ წლებში, მზარდი დეზინფორმაციული კამპანიის მომსწრე ვართ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, სიმართლის დამახინჯებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის ძირის გამოთხრას.
„საქართველოც არ არის დაცული ამ უპრეცედენტო გამოწვევისგან. პრობლემა მდგომარეობს, ერთი მხრივ, გარე გეოპოლიტიკურ ზეწოლასა და უცხოური ჩარევის საფრთხეში და, მეორე მხრივ, შიდა რადიკალიზმისა და პოპულიზმის ზრდაში. საგარეო მიმართულებით, რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს ორი ისტორიული ტერიტორიის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით; უარს აცხადებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და ადგილზე ინარჩუნებს არასტაბილურობასა და კრიმინალურ აქტივობებს. ეს უნდა დასრულდეს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების უპატივცემულობა პანდორას ყუთს ხსნის, რის გამოც მთელი მსოფლიო შეიძლება არნახულ ქაოსში გაეხვიოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.