„სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი არ არის დაცლილი ეთიკის გარკვეულ ზღვარზე სიარულისგან, ხანდახან გადამეტებებით, რაც საერთო კონტექსტით არის განპირობებული. სამწუხაროდ, ისეთი წრეა, სადაც რთულია შემდეგ ტყუილ-მართალის გარკვევა და მიდის ურთიერთბრალდებები. მე, ჩემი მხრივ, როდესაც გამოსვლის დროს გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, მექნება რეაგირება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, გუშინ, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას გამოსვლის დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ბერაიას გუშინდელ გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რაც კრიტიკას შეეხებოდა და ამ ნაწილს უმრავლესობის წევრები იზიარებენ, თუმცა, რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც იყო პიროვნული, გარკვეულწილად ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლა, ირაკლი ბერაიამ ამასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა.
„მე არ მახსენდება ოპოზიციიდან ვინმე, ერთი ადამიანი - ქალი ან კაცი, რომ ბოდიში მოეხადა. საერთოდ რაც აქ, მაგალითად, თეა წულუკიანს ოთხმა ქალმა დეპუტატმა აკადრა და რაც სხვა დროსაც ყოფილა, ამიტომ თუ გამოვიტანთ გუშინდელი დღიდან დასკვნას: ერთი რამ არის, შეიძლება ყველას მოუვიდეს რაღაც გადაცდომა. აქ მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ბატონმა ირაკლიმ, რაც შეეხებოდა მისი გამოსვლის ბოლო 5 წამს, თქვა, რომ შეიძლება გადაამეტა ამ მხრივ და ბოდიში მოიხადა. მოდი, დავაფასოთ ეს ბოდიში. ეს კულტურა იქნებ როგორმე თქვენთანაც დაამკვიდროთ და როგორმე ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე, როდესაც ასეთი გადამეტება ხდება. თუნდაც დღეს, ქალბატონმა ანა წითლიძემ რაც იკადრა, რა სიტყვებიც თქვა და არც გუშინ დაუკლია მას. მე, ყველანაირად შევეცდები, როდესაც დეპუტატის გამოსვლის დროს გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, მქონდეს რეაგირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.