"სოციალურ ქსელში და მედიაში აქტიურად ზიარდებოდა და განიხილებოდა სატელიტური ფოტო იმ კოტეჯების გამოსახულებით, რომლებიც სტიქიამ გაანადგურა და ინერგებოდა ნარატივი, რომ ბოლო პერიოდში ხდებოდა ე.წ. „სასაკლაოს მშენებლობაზე ნებართვების გაცემა“. რეალობა კი ის არის, რომ ეს კოტეჯები ჯერ კიდევ 1960-იან წლებშია აშენებული ზუსტად იმ სახით, როგორც ისინი სტიქიის დროს იყვნენ. ეს ყალბი ინფორმაციაც მალევე იქნა მხილებული, თუმცა რამდენიმე დღე კვლავ იყო შენარჩუნებული მედიაში." - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ტელე- და სოციალურ მედიაში სხვდა სხვა ექსპერტზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ამ სტიქიის მიზეზი ტყის ჭრაა და რომ მეწყერს ჩამოჰყვა მოჭრილი და დამუშავებული მორები. სინამდვილეში, არანაირი ფაქტი მოჭრილი მორების ჩამოტანისა არ დასტურდება და ზოგადად მეწყერის წარმოშობის ტერიტორიაზე ხის ჭრა, დამზადება, დასაწყობება და გამოტანა ფიზიკურად შეუძლებელია და არანაირი კავშირი ამ პროცესებთან არ ჰქონია."
შეგახსენებთ, რაჭაში, შოვის საკურორტო ზონაში 3 აგვისტოს სტიქიური უბედურება მოხდა.