ქართველ ხალხს თავად ევროკავშირმა უნდა დაანახოს, რომ დამაჯერებელია და სანდოა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გუშინ თუ გუშინწინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც თავად ევროკავშირმა ჩაატარა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში. ეს კვლევა ეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, ცოდნას ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ ამ კვლევამ როგორც აჩვენა, ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა საქართველოს მოსახლეობაში, შარშანდელთან შედარებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 11%-ით არის შემცირებული. ვფიქრობ, ეს არის იმ იმედგაცრუების ასახვა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს ევროკავშირის მიმართ იმის გამო, რომ შარშან, ივნისში ჩვენ ვნახეთ ჩვეულებრივად უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია მმართველი გუნდის მოლოდინი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ბოლო დროს, კიდევ უფრო ხშირად გვესმის პარტნიორების მხრიდან, რომ გასულ წელს, საქართველოსთვის სტატუსის მიცემაზე უარი შეცდომა იყო და ელოდება თუ არა ხელისუფლება ევროკავშირის მხრიდან ამ შეცდომის გამოსწორებას, რადგან ოქტომბერში ველოდებით შეფასებას, წლის ბოლოს კი უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ევროკავშირი ამ შეცდომას გამოასწორებს.
„დღეს სასწორზე დგას თავად ევროკავშირის სანდოობა და დამაჯერებლობა ამ გადაწყვეტილებით. თავად ევროკავშირმა ქართველ ხალხს უნდა დაანახოს, რომ ის დამაჯერებელია და სანდოა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს 12 რეკომენდაციის საკითხში თითი-თითზეც რომ არ დაედო, საქართველო ყველა პარამეტრით დღესაც ლიდერია უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით.
ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, იმის ფონზე, როცა ევროპული ფონდები საქართველოში ყალბი სქემების გამოყენებით თავად აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს, მაგალითად, „დროას“, რაც რადიკალიზაციას ახალისებს, მათ მიერ პოლარიზაციაში საბაბების მოძიება კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არ არის.
წყარო: 1tv.ge