მზია ამაღლობელი ან მისი გულშემატკივრები თუ ეძებენ დამნაშავეებს, ეს დამნაშავეები ისხდნენ იმ დარბაზში ელჩების სახით, რომლებიც აგულიანებდნენ, რომ არ ეთანამშრომლა გამოძიებასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო დარბაზში მყოფი ელჩების სინდისზე არის, რომ საპროცესო გარიგება არ შედგა და მზია ამაღლობელს 2 წელი სრულად აქვს მოსახდელი.
„ჩვენ როდესაც ვიხილეთ 24 საელჩოს განცხადება მზია ამაღლობელის განაჩენზე, ამოვიკითხე საფრანგეთის ელჩის ხელმოწერაც. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მაკრონზე სილის გარტყმისთვის ადამიანს მიუსაჯეს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა, შემდეგ პირმა ითანამშრომლა სასამართლოსთან, აღიარა თავისი დანაშაული და 4 თვე საპატიმრო მსჯავრად განსაზღვრა, 14 თვე პირობითად თუმცა, 18 თვე თავისუფლები აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოში ანალოგიურ, მსგავს შემთხვევაში 24 თვე მიუსაჯა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა. იყო ზუსტად ერთი და იგივე შემთხვევა. იყო ადამიანი, რომელმაც სახეში სილა გაარტყა საფრანგეთის პრეზიდენტს და საქართველოში ადამიანი, რომელსაც სახეში სილა გაარტყეს. ერთი-ერთში, ზუსტი ანალოგი, მათ შორის სასჯელიც არის მსგავსი. 18 თვე საფრანგეთში 24 თვე საქართველოში. რა არის განსხვავება? განსხვავება ის არის, რომ საფრანგეთში 4 თვე იყო საპატიმრო და 14 არასაპატიმრო, რადგან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. საქართველოში კი არც ითანამშრომლა, არც აღიარა და მათ შორის, არც შეთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე წავიდა მზია ამაღლობელი. საფრანგეთის ელჩი ამას უწოდებს არაპროპორციულს.
იცით, რომ პროკურატურამ მზია ამაღლობელს შესთავაზა საპროცესო შეთანხმება. ამაღლობელის მხრიდან არ ყოფილა არც შეთანხმება, არც აღიარება იმ დანაშაულისა, რაც მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა. შესაბამისად სასამართლოს სავარაუდოდ არც ჰქონდა შესაძლებლობა სხვა რამე განესაზღვრა. მზია ამაღლობელი ან მისი გულშემატკივრები თუ სადმე ეძებენ დამნაშავეებს, თუ რატომ არის ასეთი სასჯელი, ეს დამნაშავეები ისხდნენ იმ დარბაზში ელჩების სახით. აი, ის ელჩები, რომლებიც იქ დარბაზში ისხდნენ და რომლებიც აგულიანებდნენ მზია ამაღლობელს, რომ არ აღიარო დანაშაული, არ ითანამშრომლო გამოძიებასთან, არ წახვიდე საპროცესო გარიგებაზე. ზუსტად იმ ელჩების სინდისზე არის, რომ საპროცესო გარიგება არ შედგა, ის რომ 2 წელი სრულად აქვს მოსახდელი. საპროცესო გარიგების შემთხვევაში შეიძლება, ყოფილიყო პირობითის ნაწილი ან სხვანაირი ნაწილი. ნაცვლად იმისა, რომ მზია ამაღლობელს, ისევე, როგორც საფრანგეთში იმ ადამიანს, ეღიარებინა დანაშაული, ელჩებმა ფაქტობრივად ის ჩიხში მიაყენეს. 24 თვე არის აბსოლუტურად პროპორციული და ტყუილია, რომ ეს არის არაპროპორციული. განსაკუთრებით საფრანგეთის ელჩი ტყუის, ვინაიდან საფრანგეთში 18 თვე მიუსაჯეს ზუსტად ანალოგიური დანაშაულისათვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.