"ეგოისტი არც ადამიანი ვარგა და არც სახელმწიფო. ადამიანი თუ საკუთარ ხალხზე არ ფიქრობს, ის სხვა ხალხზეც ვერ იფიქრებს. ადამიანს როცა არ უყვარს საკუთარი ოჯახი, ის სამშობლოსაც ვერ შეიყვარებს, თავისი სამშობლო თუ არ უყვარს, ის სხვის სამშობლოს ვერ შეიყვარებს. მიხარია თქვენი ასეთი პატრიოტული ჩაცმულობა, ქართული დროშით შემკული, პატრიოტულად რომ ხართ გამოწყობილი",-
მიმართა შალვა პაპუაშვილმა ახალგაზრდებს რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამშობლოში მოგზაურობის, ახალგაზრდული ბანაკებისა და საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„მიხარია ინტერესი რომ გაქვთ ბანაკის მიმართ და ეს ინტერესი გადაიზრდება ლაშქრობების ინტერესში. მშვენიერი ქვეყანა გვაქვს ბევრი რამით, ბუნებით, კულტურით ისტორიით, სახელმწიფო მოწყობით და ჩვენი დემოკრატიითაც, რომლითაც ბევრს შეგვიძლია მაგალითი მივცეთ. დღეს ჩვენ გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპი ეკონომიკური ზრდის,, დღეს ჩვენ ბევრ ევროპულ, ევროკავშირის წევრ ქვეყანას ვუსწრებთ მრავალი პარამეტრით. რაც მთავარია, ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც არასდროს არ დაუხევია იქ სადაც ჩვენი სათქმელი უნდა გვეთქვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს ღირსეულ მონაწილობაზე ისაუბრა.
„ჩვენ, თაობამ, რომელმაც თქვენი ასაკი 90-იან წლეებში გამოვიარეთ, დანამდვილერბით ვიცით, რომ არ გვაქვს უფლება მისხალი შეცდომა დავუშვათ. ბოლო თორმეტმა წელმა ეს აჩვენა. როგორღაც ისე მოახერხა ამ ხელისუფლებამ, რომ არც ერთი ომი აღარ დაწყებულა. ეს გვაფიქრებინებს სწორედ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, ქართველი ხალხის ხელში.
ჩვენ თავგანწირვაც ვიცით, ძმობაც, მეგობრობაც და ასევე ვიცით როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და როგორ არ დავაყენოთ საფრთხის ქვეშ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შაორის ბანაკი წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მასპინძლობს. ბანაკმა 2024 წლისთვის ჯამში 800-მდე ახალგაზრდა 8 ნაკადად მიიღო. მონაწილეთა შერჩევა ღია კონკურსის გზით განხორციელდა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც მიეცათ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ახალგაზრდებთან შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, პარლამენტის წევრები, ბექა ოდიშარია და გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში პაპუნა მარგველიძე, ასევე, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.