ქართველი ხალხის სათქმელი, საბოლოო ჯამში, ჟიგიმანტას პავილიონისს უთხრა ლიეტუველმა ხალხმა და ჩამოაშორა ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ჟიგიმანტას პავილიონისის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ის ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებს აღარ იკავებს.
მისი თქმით, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მავნე საქმიანობით იყო პავილიონისი დაკავებული, არამედ ლიეტუველი ხალხის წინააღმდეგაც.
„ლიეტუველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და ჩამოაშორა ის და მისი პარტია ხელისუფლებას. ეს ის ხალხია, რომლებსაც ვხედავდით ადრეც აქციებზეც, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს, რომელიც მისი პარტიის თავმჯდომარეა. საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, გაერო-ს წესდებით უხეში დარღვევით, ქართველი ხალხის უხეში უპატივცემულობით ჩამოდიოდნენ ჩვენს ქვეყანაში და აქ გვიმართავდნენ აქციებს.
ასე რომ, თავად საკუთარმა ხალხმა გასცა პასუხი მათ და ასევე სხვებს, საბოლოო ჯამში, საკუთარი ხალხი გასცემს პასუხს, რადგან არცერთი ხალხის, არც ლიეტუველი, არც ესტონელი, არც გერმანელი, ფრანგი თუ პოლონელი ხალხის ინტერესში არ არის ქართველი ხალხის მიმართ ზემოდან ყურება და საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ადრე თუ გვიან საკუთარი ხალხი გასცემს პასუხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.