ის, რაც დღეს მოლდოვას ეკონომიკურად სჭირს, კრიზისია, რადგან ბოლო რამდენიმე წელია, ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია და ნულის გარშემო ტრიალებს, ამაში ბრიუსელის ბრალეულობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წელს მოლდოვას საქართველოზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჰქონდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2021 წელსვე 10-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. თუ არ ვცდები, მათ 11-12 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ. 2022 წელს მინუს ხუთი პროცენტი ჰქონდათ. 2022-2025 წლებში მინიმალური ზრდით არიან მაშინ, როცა საქართველომ 10-8 პროცენტიანი ზრდა შეინარჩუნა. მოლდოვა ნულის გარშემო ტრიალებს. რა სხვაობაა საქართველოსა და მოლდოვას შორის? – ერთადერთია, მოლდოვა ბრიუსელს უჯერებს, საქართველომ არ დაუჯერა ბრიუსელს ყურში იმ ჩაჩურჩულებებში, რასაც ადგილი ჰქონდა, რომ საქართველო საკუთარი ხალხის დაზიანების ხარჯზე უნდა ჩაბმულიყო რუსეთის წინააღმდეგ ცეცხლის რკალის შექმნის ორმხრივი სანქციების დაწესების პროცესში. საქართველოსა და მოლდოვას შორის ერთადერთი სხვაობა ეს არის, რამაც განაპირობა ის, რომ მოლდოვას ეკონომიკით რამდენჯერმე გადავასწარით. ჩვენ ბრიუსელს ისეთ რჩევებს არ ვუჯერებთ, რაც საქართველოს დააზიანებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.