საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და თურქეთს სოლიდარობას უცხადებს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული კატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებთანაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების დროს“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „საქაერონავიგაციამაც“, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.