ვინც ავლებს პარალელს რუსულ კანონთან, ან წაკითხული არ აქვს არც ერთი და არც მეორე, ან არაკეთილსინდისიერია, იმიტომ, რომ რუსეთთან რაიმე სახის შედარება, ეს არის წმინდა ტყუილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსთან" განაცხადა.

„შარშან რაც მოხდა, ეს იყო დეზინფორმაციული შტურმი ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც დისკუსია მთლიანად ჩაახშვეს დეზინფორმაციული შტურმით და გარკვეული ხმაურით ამასთან დაკავშირებით. შინაარსში არც კი შემოვიდნენ, ვინმემ რამე შინაარსობრივი არგუმენტი საერთოდ თქვა გარდა [ტერმინი რუსული კანონის] დაბრენდვისა?

სხვათა შორის შარშან ერთ-ერთი უცხოელი აქტორი იყო ამის ინიციატორი, ვინც პირველად ახსენა ტერმინი „რუსული კანონი და რუსული სტილის კანონი“ და აქედან წამოვიდა მთელი ეს ტყუილის კასკადი, როდესაც ამერიკულ კანონს დაარქვეს რუსული კანონი.

ყველა, ვინც ავლებს პარალელს[რუსულ კანონთან], ან წაკითხული არ აქვს არც ერთი და არც მეორე კანონი, ან არაკეთილსინდისიერია იმიტომ, რომ რუსეთთან რაიმე სახის შედარება, ეს არის წმინდა ტყუილი. შარშან იყო დეზინფორმაციული შტურმი და მთლიანი ჩახშობა დისკუსიისა, ამის შემდეგ საზოგადოებამ ბევრი რამე გაიგო. მათ შორის „დროას“ დაფინანსების შესახებ, ასევე, მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანია, რომელსაც „სირცხვილია“ აწარმოებდა, აფინანსებდა ევროპის დემოკრატიის ფონდი და ეროვნული დემოკრატიული ფონდი. ისინი აფინანსებდნენ მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.