ვფიქრობ გარკვეულწილად ევროკავშირმა უნდა გამოასწოროს შეცდომა, რომელიც შარშან დაუშვა და სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს დაუჯდა რადიკალიზმის გაძლიერების ფასად და კეთილდღეობისა და მშვიდობის პროექტი - ევროკავშირი რადიკალების ხელში იარაღად აქცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭების მთავარი მნიშვნელობა დღეს არის რადიკალიზმის შემცირება. სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ საკითხი რომელიც უნდა ყოფილიყო გამაერთიანებელი, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და წესით უნდა გაეერთიანებინა პოლიტიკური და სხვა სახის ელიტები, სინამდვილეში აღმოჩნდა იარაღი რადიკალური ოპოზიციის ხელში, რათა გაეხლიჩათ საზოგადოება. სამწუხაროდ, ევროკავშირმაც თავისი წვლილი შეიტანა, ვინაიდან მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება. დღეს პირველი მიზანი, რაც კანდიდატის სტატუსმა შეიძლება შეასრულოს, არის რადიკალიზმისთვის საფუძვლის გამოცლა. ესეც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. მეორეს მხრივ, პოზიტიური მხარე უნდა ყოფილიყო კანდიდატის სტატუსის მონიჭება, რაც აჩვენებს, რომ ევროკავშირი სერიოზულად უყურებს საქართველოა გაწევრიანებას და არ არის მხოლოდ თეორიული ღია კარის პრინციპი, რომლის მოწმენიც სხვადასხვა ფორმატებში ვართ. ამავე დროს, კანდიდატის სტატუსს უნდა მოჰყვეს უკვე შემდგომი ნაბიჯები და ესაა მოლაპარაკებების გახსნა, რომელიც უკვე უშუალოდ დაკავშირებულია სხვადასხვა სახის დახმარებასთან ევროკავშირის მხრიდან. ეს არის მოლოდინი. ვფიქრობ გარკვეულწილად ევროკავშირმა უნდა გამოასწოროს შეცდომა, რომელიც შარშან დაუშვა და სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს დაუჯდა რადიკალიზმის გაძლიერების ფასად და აქცია კეთილდღეობისა და მშვიდობის პროექტი - ევროკავშირი იარაღად რადიკალების ხელში. ეს უნდა დაასრულოს ევროკავშირმა საკუთარი გადაწყვეტილებით და გაუხსნას ახალი პერსპექტივა ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.