ეს თუ მათი გაგებით ევროპული ღირებულებაა, მაშინ ისინი საუკუნეებით უკან ყოფილან ქართულ ღირებულებებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე საუბრისას.
„წარმოუდგენელია ასეთი რამ იკადრო, რომ ეროვნულ დღესასწაულზე ხალხს მიაყენო შეურაცხყოფა. ეს სამკუთხედი როცა ამბობს ხალხს, იქ გულისხმობს რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველს. იქ „ქართული ოცნება“, მისი ამომრჩეველი, 1 120 000 ადამიანი წაშლილი ჰყავთ საერთოდ თანამედროვე ისტორიიდან.
როდესაც სახელმწიფოს მეთაურები თავის თავზე იღებენ სხვა ხალხის სახელით საუბარს, ეს არადემოკრატიულია. საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუცია მანდატი გერმანიის კანცლერისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტისთვის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრისთვის. და ისინი გვესაუბრებიან ქართველი ხალხის სახელით. ეს დემოკრატია კი არა, მე-19 და მე-20 საუკუნის მიდგომებია. 21-ე საუკუნეში რანაირად ხდება ამ ყველაფრის ასე ურცხვად აფიშირება, ჩემთვის გასაკვირია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.